გენერალი მარკ მილი - საბოლოო მიზანი თუ არის უკრაინა, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ამას მნიშვნელოვანი ძალისხმევა დასჭირდება
საბოლოო მიზანი თუ არის უკრაინა, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა ხელუხლებელი ტერიტორიით, ამას ძალისხმევის მნიშვნელოვანი დონე დასჭირდება, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ ისაუბრა.
თანამდებობიდან წასვლამდე 42 დღით ადრე ამერიკული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გენერალმა უკრაინის კონტრშეტევაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ის ამბობდა, რომ შეტევა იქნება ხანგრძლივი, სისხლიანი, ნელი და ასეც არის.
„რუსები საკმაოდ მძიმე ფორმაში არიან. მათ უზარმაზარი დანაკარგი განიცადეს. მათი მორალური განწყობა არ არის შესანიშნავი. მათი ხელმძღვანელობა საეჭვო და არაეთგვაროვანია – დამოკიდებულია ქვედანაყოფის ტიპზე. მეთაურობის სტრატეგიულ დონზე აშკარად ბევრი უთანხმოებაა. ლოგისტიკა არ არის კარგ მდგომარეობაში. თუმცა რუსები თავდაცვაში არიან და უკრაინა აწარმოებს ბრძოლას. რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ ეს შეტევა იქნება ხანგრძლივი, სისხლიანი და ნელი. სწორედ ასეა, ეს არის ძალიან რთული ბრძოლა“, – განაცხადა მარკ მილიმ.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა გამარჯვებას, მარკ მილიმ უპასუხა: „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას გულისხმობთ სიტყვა „გამარჯვებაში““.
„უკრაინისთვის ეს არის ეგზისტენციალური ბრძოლა. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის. თუმცა, დანარჩენი ევროპისთვის, დანარჩენი მსოფლიოსთვის და აშშ-თვის საქმე ეხება წესებს, წესების შენარჩუნების უზრუნველყოფას. ის, რაც გააკეთა პუტინმა, არის პირდაპირი თავდასხმა საერთაშორისო წესრიგის წესებზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რვა ათეული წლის განმავლობაში არსებობდა. თუ საბოლოო მიზანია უკრაინა, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა ხელუხლებელი ტერიტორიით, ამას ძალისხმევის მნიშვნელოვანი დონე დასჭირდება. ეს არის ხანგრძლივი, ძალიან რთული ომი დიდი რაოდენობით მსხვერპლით. ამ მიზნების მიღწევა სამხედრო საშუალებებით შეიძლება. ამას ბევრი დრო დასჭირდება, თუმცა ამ მიზნების მიიღწევა, შესაძლოა, რაიმე დიპლომატიური გზებით იყოს შესაძლებელი“, – აღნიშნა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.