გენერალი ბენ ჰოჯესი - საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მივიწვიოთ
გენერალი ბენ ჰოჯესი - საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მივიწვიოთ

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მიიწვიონ. ეს განცხადება ბენ ჰოჯესმა ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის დროს გააკეთა.

ამერიკელმა გენერალმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ აშშ და ნატო უფრო მეტად ფოკუსირებულები უნდა იყვნენ ამ რეგიონზე. ჰოჯესის თქმით, სჯერა, რომ საქართველო აქამდეც უნდა გამხდარიყო ნატო-ს წევრი.

„კრემლს არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს იმას, რისი გაკეთებაც ქართველს ხალხს, ალიანსს ან ევროკავშირს სურთ“, – აღნიშნა ჰოჯესმა.

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ასევე ჩამოთვალა ის ნაბიჯები, რომლებიც მისი აზრით, აშშ-მა უნდა გააკეთოს საქართველოს მხარდასაჭერად. ჰოჯესის თქმით, საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მიიწვიონ.

„პირველი – ახლავე მივიწვიოთ საქართველო ნატო-ში. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, დასავლეთ გერმანია ნატო-ს წევრი გახდა, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარი იდგა. ასე რომ, არსებობს სახელმწიფოს ნატო-ში მიწვევის პრეცედენტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

მან კიდევ ერთ ნაბიჯად, უფრო მეტი და მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება დაასახელა. მესამე ნაბიჯად გენერალი საქართველოში სამხედრო ინფრასრუქტურაში ინვესტიციების ჩადებას მიიჩნევს.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის აზრით, საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა იმუშაონ ცნობადობის გასაზრდელად და ინვესტიციების მოსაზიდად. მან ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტის პროექტის შეჩერების გამო იმედგაცრუებულია.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდა. საქართველო სერიოზულად იყო განწყობილი ეკონომიკური განვითარებისთვის. საქართველოს სერიოზულად ჰქონდა განზრახული გამხდარიყო დამაკავშირებელი პორტალი. ანაკლიის პორტის მშენებლობა უკანასკნელი რამაა, რაც კრემლს შეიძლება სურდეს. კრემლს არ სურს მსხვილი დასავლური ინვესტიციები საქართველოში, რადგან ასე დასავლეთი უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ რუსეთს ამ დრომდე ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი“, განაცხადა ბენ ჰოჯესმა

ამასთან ერთად, ბენ ჰოჯესმა აღნიშნა, რომ აშშ-მა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, როდესაც საქართველო ცდლობს არჩევნების გამჭვირვალობის, მედიის თავისუფლების, მთავრობის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას.

„აშშ ასევე უნდა იყოს საქართველოს გვერდით, როდესაც ის კრემლის პირისპირ დგას. აშშ-მა უნდა მკაფიოდ განაცხადოს, რომ ის საქართველოს გვერდით არის“, – განაცხადა ჰოჯესმა.