General Electric -ს საფრანგეთში დიდი ჯარიმა ელოდება
General Electric -ს საფრანგეთში დიდი ჯარიმა ელოდება

საფრანგეთის მთავრობა ამერიკულ კონგლომერატ General Electric -ს მაღალ ჯარიმას დააკისრებს, თუ ინდუსტრიული გიგანტი ქვეყანაში დაპირებულ სამუშაო ადგილებს არ შექმნის.

General Electric -ს საფრანგეთის მთავრობის წინაშე აღებული აქვს ვალდებულება, რომ წლის ბოლომდე ქვეყანაში 1000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შექმნას. თუმცა არსებობს ეჭვი, რომ კომპანია ვერ ახერხებს პირობის შესრულებას.

საფრანგეთის შრომის მინისტრის განცხადებით, თუ კომპანია დათქმულ პირობას ვერ შეასრულებს, თითოეულ შეუსრულებელ სამუშაო ადგილზე 50 ათასი ევროთი დაჯარიმდება.

საერთო ჯამში კომპანიას დაახლოებით 34 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რაც General Electric -ის მსგავსი გიგანტისთვის სულაც არ არის დიდი თანხა, მაგრამ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ არსებული დაპირისპირება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ლიბერალური პოლიტიკისთვის გამოცდა იქნება.

როგორც ცნობილია, General Electric-მა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პირობა 2014 წელს საფრანგეთის ინდუსტრიული გიგანტის Alstom-ისაგან ენერგეტიკული აქტივების შესყიდვის სანაცვლოდ დადო და ამ გარიგებაში 12.4 მილიარდი ევრო გადაიხადა.

ამერიკულ გიგანტს ფრანგულ კომპანიაში 2018 წლის ბოლომდე 1000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეექმნა. თუმცა, როგორც გასულ კვირაში საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2018 წლის აპრილის მდგომარეობით, მხოლოდ 323 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი.

General Electric-ის ხელმძღვანელის მიხედვით, დათქმული პირობის შესრულება, ბაზარზე გართულებული მდგომარეობის გამო, შეუძლებელია. ფრანგული აქტივების შესყიდვიდან მოკლე ხანში ამერიკულმა კომპანიამ თავის ევროპულ ბიზნესში 6500 ადამიანის შემცირების გეგმა გაასაჯაროვა და მიზეზად ნავთობისა და გაზის ფასების შემცირება დაასახელა. გასული წლის დეკემბერში კი გასათავისუფლებელი მუშახელის რაოდენობა 12 ათასამდე გაზარდა.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის მიხედვით, ამერიკულ კომპანისთან დადებული კონტრაქტი ერთ შეუსრულებელ სამუშაო ადგილზე 50 ათასი ევროს ჯარიმას ითვალისწინებს. მთავრობის პრეს-სპიკერმა განმარტა, რომ თუ General Electric -ი პირობას არ შეასრულებს, სანქციები წლის ბოლოსთვის ამოქმედება. ანალიტიკოსები კი მიუთითებენ, რომ ასეთი ხისტი მიდგომა ეწინააღმდეგება მოქმედი მთავრობის ამბიციას, მოახდინოს შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია.

პოსტზე მოსვლის დროს მაკრონმა პირობა დადო, რომ საფრანგეთს უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს გახდიდა და გაატარებდა ისეთ რეფორმებს, რომლებიც ბიზნესს მუშახელის დაქირავებასა და გათავისუფლებას გაუადვილებდა. General Electric -თან კი კონტაქტი მაკრონის წინამორბედმა, სოციალისტური პოლიტიკის მომხრე მთავრობამ დადო. მაკრონს ოპოზიციური პარტიებიც მოუწოდებენ , კომპანიის წინააღმდეგ ჯარიმა აამოქმედოს.

მოცემულ მომენტში General Electric-ი კომენტარს არ აკეთებს.