გელა ნიკოლაიშვილი - თეიმურაზ შარაშენიძის საქმე ხელახლა გამოძიების შემდეგ სასამართლოს პოლიტიკური ნიშნით არ გადაეცა
უვადო პატიმრის, თეიმურაზ შარაშენიძის საქმე ხელახალი გამოძიების შემდეგ სასამართლოს იმ მოტივით არ გადაეცა, რომ მის საქმეში ჩართული მოსამართლეების და პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უვადო მსჯავრდებულის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შარაშენიძეს, რომელსაც ყოფილი პარლამენტარის შვილის, ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობას ედავებიან, თავის დროზე საქმე „შეუკერეს.” გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქმე ხელახლა გამოიძიეს და დადასტურდა, რომ შარაშენიძეს დანაშაული არ ჩაუდენია.
ადვოკატის თქმით, ამ საქმის პროკურორი დავით ხიზანაიძე ამ დრომდე პროკურატურაში მუშაობს.
„ხელახალი გამოძიების შედეგად კი, პოლიტიკური ნიშნით, თეიმურაზ შარაშენიძის საქმე სასამართლოს არ გადაეცა. შესაბამისად, შარაშენიძე არის პოლიტიკური პატიმარი”, – გადაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.