გელა ნიკოლაიშვილი - მოსამართლეობის კანდიდატების სიაში ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებთანაც არათანაბარ პირობებში ვიმყოფებით
მოსამართლეობის კანდიდატების სიაში ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებთანაც არათანაბარ პირობებში ვიმყოფებით, – განაცხადა ადვოკატმა, მოსამართლეობის კანდიდატმა გელა ნიკოლაიშვილმა ბრიფინგზე, რომელიც მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატ ალექსანდრე კობაიძესთან ერთად დღეს გამართა.
ადვოკატების თქმით, მართლმსაჯულებას ძალიან უჭირს. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი არ გამორიცხავს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია საერთო სურათის დასახატად განზრახ იყოს გაბერილი, თუმცა წინასწარი პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს.
„თავიდან იცოდა, ვინ შეიტანდა განაცხადს. დღეს სიაში ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებთანაც არათანაბარ პირობებში იმყოფებიან დანარჩენები. თუნდაც იმიტომ, რომ ისინი მათი კოლეგები, ახლობელი ადამიანები არიან და ა.შ. მეორე მხრივ, არის საზოგადოების მოთხოვნა, შეკვეთა, რომელიც პირდაპირ უგზავნის მესიჯს ხელისუფლებას, რომ მას უნდა სასამართლო სისტემის გაჯანსაღება“, – აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
ალექსანდრე კობაიძე იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლო გადადგამს გონივრულ ნაბიჯს და სისტემაში შეუშვებს ე.წ. გარეშე პირებს.
„იუსტიციის საბჭომ უნდა გადადგას გონივრული ნაბიჯები და სისტემაში გარედან შეუშვას პროფესიონალი ადამიანი, რათა მოხდეს სისტემის გაწმენდა ისეთი ოდიოზური პიროვნებებისგან, როგორებიცა არიან მურუსიძე და მათი ძმანი. მათი ჩამოცილება აუცილებელია სისტემიდან, რათა არავის დარჩეს განცდა, რომ სასამართლო არის მართვადი და კონტროლირებადი“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.