გეგუთის საბავშვო ბაღში მოწამლული 11 ბავშვი ქუთაისის კლინიკაში მკურნალობს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში მოწამლული 11 ბავშვი ქუთაისში ჰოსპიტალ „მედიქალ სითიში“ მკურნალობს, – ამის შესახებ პირველ არხს კლინიკის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა.
როგორც მშობლები აცხადებენ, ბავშვებს მუცლის ტკივილი, ღებინება და მაღალი სიცხე აღენიშნებოდათ.
ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, პაციენტების ნაწილს უკვე დაუდგინდა კვებითი ინტოქსიკაცია, რაც სავარაუდოდ რძის ნაწარმის ან ბოსტნეულის მიღებას უკავშირდება.
ბავშვების მოწამვლის ფაქტს ადასტურებს ბაღის გამგე, თუმცა ამბობს, რომ ინტოქსიკაცია საკვებ პროდუქტებს არ უკავშირდება.
როგორც 1Tv.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, გეგუთში გაემგზავრა მათი წარმომადგენელი პაატა იმნაძე, რომელიც ვითარებას ადგილზე გაეცნობა და მედიისთვის კომენტარს 12:00 საათზე გააკეთებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები რამდენიმე დღის წინ მოიწამლნენ. ისინი ინტოქსიკაციის ნიშნებით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.