გედევან ფოფხაძე - სავალდებულობა არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ბერკეტი, რომელიც არჩევნების გაყალბებისგან დაგვიცავს
გედევან ფოფხაძე - სავალდებულობა არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ბერკეტი, რომელიც არჩევნების გაყალბებისგან დაგვიცავს

სავალდებულობა არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ბერკეტი, რომელიც გაყალბებისგან დაგვიცავს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„გაყალბებაში ვგულისხმობ ამომრჩევლის მოსყიდვას. ეს მნიშვნელოვანწილად, კარგავს აზრს, როცა ყველა ვალდებულია, არჩევნებზე მოვიდეს და არა მარტო ის ხალხი, რომელიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული და თუ არ მოვა, აქვს საფრთხე, რომ სამსახური დაკარგოს. რა თქმა უნდა, სავალდებულობა არის საშუალება, რომ ადამიანებს გავახსენოთ თავიანთი ვალდებულება ქართული სახელმწიფოს წინაშე და გავახსენოთ ის ვალდებულება, რომ მათი მიუსვლელობის შედეგად ვიღებთ იმ მთავრობას, რომლის გამოც თავ-ბედს ვიწყევლით“, – განაცხადა ფოფხაძემ.

მისი თქმით, როცა მოსახლეობას ეს კარგად ექნება გათვითცნობიერებული და არჩევნებზე ყველა ამომრჩეველი მივა, ასეთ არჩევნებს არც ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება და არც იმის პრობლემა იქნება, რომ არჩეული ხელისუფლება მხოლოდ მოსყიდული და დაშინებული ამომრჩევლის მიერ იყოს არჩეული.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

„არის ევროპულ ქვეყნებშიც და ლათინო ამერიკის ქვეყნებშიც. ეს არ არის იმ დემოკრატიის ნიშანი, სადაც სახელმწიფოები ფორმირების პროცესშია და დემოკრატიას ელემენტარული პრობლემა აქვს. მით უმეტეს, ჩვენ ვდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ არჩევნებზე დიდი ფული იხარჯება, ერევიან სამართალდამცავი ორგანოები, ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დაშინება და ა.შ. ამ მოცემულობაში სავალდებულობა, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას გაუწევს ამ ფაქტორებს და იქნება იმ ვაკხანალიის საპირწონე, რომელიც როგორც წესი, არჩევნებზე ხდებოდა, ხდება და დიდი ალბათობით შეიძლება, შემოდგომაზე ისევ მოხდეს“, – განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, თუ არჩევნები ისეთ ფონზე წავიდა, რომ მათ წინააღმდეგობის გაწევა მოუწიათ არა პოლიტიკურ სუბიექტებთან, არამედ სამართალდამცავ ორგანოებთან და დიდ ფინანსურ რესურსთან, ეს არჩევნები არ არის.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ამის საფრთხეს, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ეს საფრთხე არსებობს, რადგან ბოლო არჩევნები სწორედ ამ ნიშნით ტარდებოდა.

შეკითხვაზე, როდის დაინერგა ეს მანკიერი პრაქტიკა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თავად ამ მანკიერი პრაქტიკის შედეგად არის პარლამენტში, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ის პარლამენტში მანკიერი პრაქტიკის შედეგად არ არის და შეუძლია, ამის მტკიცებულებებიც წარმოადგინოს.

„მე 2012 წელს ბორჯომში არჩევნები სწორედ ადმინისტრაციულ სისტემასთან დაპირისპირებით მოვიგე. თუ საჭირო იქნება, იმის მტკიცებულებებსაც წარმოვადგენ, რომ 2016 წელს სუს-ი ჩემ წინააღმდეგ იყო და არა ჩემ მხარეს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.