გედევან ფოფხაძე - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის ჩაგდებით პროცესი მართლმსაჯულების საზიანოდ გაგრძელდება
გედევან ფოფხაძე - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის ჩაგდებით პროცესი მართლმსაჯულების საზიანოდ გაგრძელდება

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატორებს კონკრეტული მიზანი გვქონდა, რომ აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნებს ვაჩერებდით და პროცესის გამოსწორებისთვის დროს ვიღებდით, – ამის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ცვლილებების პროექტი არ დამტკიცდა პროცესი მართლმსაჯულების საზიანოდ წარიმართება. ამასთან, გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების პათოსს არ იზიარებს.

„თუ პარლამენტი კანონპროექტს ჩააგდებს, ამის შედეგი იქნება, რომ ეს პროცესი ასე გამრუდებული მართლმსაჯულების საზიანოდ გაგრძელდება. ამიტომ ამ განცხადების პათოსს ვერ გავიზიარებ, იქ მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებსაც არ ვეთანხმები, რაც ეხება იმას, რომ ეს საკითხი თითქოს, უმრავლესობაზე განხილული არ იყო. განხილულიც იყო, გაანალიზებულიც, არავის უთქვამს არაკონსტიტუციურიაო, თუ დამატებითი განხილვები სურდათ, ინიცირებული იყო და შეიძლებოდა დამატებითი მსჯელობა“, – განაცხადა ფოფხაძემ.

მისი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება არის საშუალება, მართლმსაჯულებას ჯანსაღი და ნორმალური წესით განვითარების შესაძლებლობა დაუტოვო.

„თუ კანონპროექტს არ მივიღებთ და დამატებით მსჯელობას დავიწყებთ, ეს დრო მოხმარდება იმას, რომ უვადოდ დანიშვნები გაგრძელდეს და საბოლოოდ მივიღოთ სასამართლო, რომელიც იქნება ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების საზიანო. რეალობაა, რომ იუსტიციის საბჭო ფაქტობრივად ხდება იმ პოლიტიკური სივრცის განმსაზღვრელი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა განსაზღვროს“, – განაცხადა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ.

დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.