გედევან ფოფხაძე - „ქართული ოცნების“ ნაციონალიზაციის პროცესი სრული ტემპით მიმდინარეობს
დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე „დაიცავი საქართველოს“ 13 აპრილის შეკრებაზე წასვლას გეგმავს.
როგორც ჟურნალისტებს ფოფხაძემ განუცხადა, „ქართული ოცნების“ ნაციონალიზაციის პროცესი სრული ტემპით მიმდინარეობს არამხოლოდ იდეების, ღირებულებებისა და ქცევის დონეზე, არამედ პერსონალიების დონეზეც.
გედევან ფოფხაძე მოქალქეებს მოუწოდებს, აღნიშნულ შეკრებას დაესწრონ.
„ვინც ჩვენს პოზიციებს იზიარებს და იგივე განწყობაზეა, მოვუწოდებ, შეკრებაზე მოვიდნენ. ჩვენი პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ, გავერთიანდეთ და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, რათა საქართველო დავიცვათ. ეს მოწოდება ისევ აქტუალურია, რადგან ყველა სოციალური ფენა დასაცავია, მათ შორის, ტაქსის მძღოლი, ექიმი და ა.შ. პირველ რიგში, დასაცავია სამართლიანობა, რომლის განცდაც ქვეყანაში ქრება, რადგან იმედი, რომ სიმართლის დაცვას შეძლებ, აღარ არის და ფაქტობრივად, ყველაფერ იმას გვართმევენ, რისიც გვჯეროდა, რისთვისაც ვიბრძოდით. მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ნაციონალიზაციის პროცესი სრული ტემპით მიმდინარეობს არამხოლოდ იდეების, ღირებულებებისა და ქცევის დონეზე, არამედ პერსონალიების დონეზეც. ის ადამიანები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც კი გამოკვეთილ პირებად არ ითვლებოდნენ და ხელის ბიჭებად მიიჩნევდნენ, ლამის „ქართული ოცნების“ სახეები ხდებიან, მათი სახელით საუბრობენ და თავს იმ ადამიანებს ესხმიან, ვინც „ქართული ოცნების“ გამარჯვება შექმნა. ბევრი ადამიანი გაწბილებულია, იმედი აქვს დაკარგული და ფიქრობს, ღირს თუ არა აქტიურობა, რადგან ამდენჯერ მოტყუებულია, მაგრამ ღირს, რადგან მაშინ არაფერი უნდა გაგვეკეთებინა. თუ სამშობლოს სიყვარული გვამოძრავებდა, ეს ვალდებულება ისევ გვაქვს და მგონი, სამშობლოს სიყვარული არ გამქრალა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.