გედევან ფოფხაძე - პრემიერი ძალიან კარგი ადამიანია, მას ადამიანურად თანავუგრძნობ
გედევან ფოფხაძე - პრემიერი ძალიან კარგი ადამიანია, მას ადამიანურად თანავუგრძნობ

დეპუტატი გედევან ფოფხაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მთავრობის ხელმძღვანელი კარგი ადამიანია.

პრემიერ-მინისტრის განცხადების შესახებ გედევან ფოფხაძემ პირველ არხთან ისაუბრა.

„პრემიერი ძალიან კარგი ადამიანია, მას ადამიანურად თანავუგრძნობ და გიორგი კვირიკაშვილი როგორც პიროვნება, ჩემთვის სულერთი არ არის. რას გავითვალისწინებ და რას არა, ეს ჩემზე დამოკიდებული არაა“, – განაცხადა ფოფხაძემ.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს იმედი გამოთქვა, რომ  გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას არ დატოვებს. მისი თქმით, გედევან ფოფხაძეს შეხვდა და სთხოვა, უმრავლესობა არ დაეტოვებინა.

ამასთან, პრემიერის განცხადებით, აბსოლუტურად ბუნებრივია პროცესები, რომლებიც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს. მისი თქმით, დემოკრატიის ამ ხარისხის პირობებში, უმრავლესობის ერთ ხმაზე ყოფნა გამორიცხულია და არასასურველიც არის.

გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადება გასულ სასესიო კვირას პირველ არხთან გააკეთა. მისი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის ნაწილის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის მხარდაჭერას მოჰყვა.