გედევან ფოფხაძე - იქ ვერ დავრჩები, სადაც ვიღაცას უნდა, ღილაკზე თითის მიმჭერი ვიყო და სტატისტიკა შევუვსო
იქ ვერ დავრჩები, სადაც ვიღაცას უნდა, ღილაკზე თითის მიმჭერი ვიყო და უბრალოდ სტატისტიკა შევუვსო, – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განუცხადა, რომელიც ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, დატოვებს თუ არა მმართველ გუნდს.
ფოფხაძის თქმით, უმრავლესობიდან წასვლა გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული.
„ერთ სხდომაზე უმრავლესობის წევრის სტატუსით მისვლა მართლა მინდა. არ მგონია, თუ ყველა პროცედურას დღესვე დავამთავრებ, ამით რაღაც ისეთს გავაკეთებ. კითხვები ვინმემ უნდა დასვას და პასუხი საზოგადოებამ უნდა მოისმინოს. ამ შემთხვევაში, ეს საკითხი ასე მარტივად გადასაწყვეტი არ არის. ხუთი წელია, უმრავლესობის წევრი ვარ და როცა შეიძლებოდა უმრავლესობა დაშლილიყო, მაშინ ჩემს გუნდს ბოლომდე ვუერთგულე იმისთვის, რომ გამოწვევები ერთად გაგვევლო. 2012 წელს ბრძოლა შედგა და არ მიმაჩნია, რომ იმ ბრძოლაში ჩემი გასაკეთებელი არ გავაკეთე. სწორი არ არის, ვიღაცამ საკითხი ისე დააყენოს, მოდით, გედი გავაგდოთ. ჩემთვის „გავაგდოთ“ ცოტა შეურაცხმყოფელია. ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე რაღაც უნდა გაირკვეს. პასუხები უნდა მივიღოთ, ასეთი რაღაცეები რატომ ხდება, თორემ, წასვლას წინ არაფერი უდგას“, – ამბობს ფოფხაძე.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, უმრავლესობის წევრობა არაფერს აძლევს.
„ჩემთვის გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს. მინდა, ჩემი კოლეგების პოზიცია გავარკვიო, რადგან ბევრი მეგობარი მყავს, ბევრი თანამოაზრე და თანამებრძოლია. მათ ხელს არ ვკრავ და ჩემი წამოსვლა ყველას მიმართ პროტესტს არ ნიშნავს. ჩემი წამოსვლა არის პროტესტი იმ ადამიანების მიმართ, ვინც არც ჩემს ინდივიდუალურ ფაქტორს და არც ჩემს ღირებულებებს არ ითვალისწინებს. უნდათ, ამ შემთხვევაში, დამნაშავე მე გამომიყვანონ, თურმე, მათ კომფორტი დავურღვიე. იქ ვერ დავრჩები, სადაც ვიღაცას უნდა, რომ ღილაკზე თითის მიმჭერი ვიყო და უბრალოდ სტატისტიკა შევუვსო. ხუთი წელი აქ ვიყავი და მეგონა, რაღაცაზე პოზიტიური გავლენა შემეძლო. თუ ამას ვეღარ ვხედავ, საუბარი ჩემზე აღარ არის. საუბარია იმაზე, ქვეყანა საით მიდის და უმრავლესობას რა უნდა. ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები რას გვთავაზობენ, ვისთან ერთადაც ბრძოლა გამოვიარე. ამ ადამიანებთან მორალური ვალდებულებები მაქვს და უნდა გავერკვეთ იმაში, ჩვენი ქვეყნის მომავალი საით მიდის და როგორ მიდის. თუ დავინახავ, რომ კითხვებზე ნორმალური პასუხების მიღების თეორიული შანსი მაინც არის, მინდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ამ სიტუაციაში ვიყო, თორემ, მგონია, რომ უმრავლესობის წევრობა ამ ეტაპზე არაფერს მაძლევს“, – დასძინა ფოფხაძემ.
გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვებაზე განცხადება გასულ სასესიო კვირას პირველ არხთან გააკეთა. მისი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის ნაწილის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის მხარდაჭერას მოჰყვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას არ დატოვებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შეხვდა გედევან ფოფხაძეს და სთხოვა, უმრავლესობა არ დაეტოვებინა.