გედევან ფოფხაძე - ბორჯომის საკრებულოს წევრებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა დამოკიდებულება ექნებათ „ანტიოცნებურ“ კოალიციასთან
ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საკრებულოს პოლიტიკურ თამაშებში „ქართული ოცნება“ მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც ჟურნალისტებს ფოფხაძემ განუცხადა, საკრებულოს წევრებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, თუ რა დამოკიდებულება ექნებათ იმ „ანტიოცნებურ“ კოალიციასთან, სადაც გაერთიანებულები არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტული პარტია“.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული კოალიციის ამოცანაა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ბოიკოტირება და ბორჯომის რაიონის საბოტაჟი მოახდინოს.
„საკრებულოს წევრთა ჩვენი ნაწილი ამ მოცემულობას უბრალოდ აფიქსირებს. მათი პოზიციაა, რომ იმ საკრებულოში, სადაც კოალიციამ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პროცესის მიღმა თავიდანვე გამოაცხადა, პასუხისმგებლობა ყველა საკითხზე თავად აიღოს. თუ კომისიები და თანამდებობები გადაინაწილეს, პასუხისმგებლობებიც უნდა აიღონ. ხალხის მიერ არჩეულ მერსა და მის პოზიციას მხარს ვუჭერ, მაგრამ საკრებულოს პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას „ქართული ოცნება“ არ მიიღებს“, – აღნიშნავს ფოფხაძე.
დეპუტატის განცხადებით, კოალიცია ბორჯომის საკრებულოს სხდომებზე კვორუმს შეგნებულად არ ავსებს.
„პირადად მე, ბორჯომის საკრებულოში ოპოზიციონერი ვიყავი და 2010 წელს ოპოზიციაც ჩამოვაყალიბეთ. იმის პრობლემა არასდროს არ მქონდა, რომ ვინმესთან კონკრეტულ საკითხებზე გვეთანამშრომლა. თუ ნაციონალი შეიძლება „პატრიოთა ალიანსთან“ გაერთიანდეს და ერთი საქმე აკეთოს, რატომ არ შეიძლება, „ქართულ ოცნებასთან“ ითანამშრომლოს? რეალურად, მათ უნდათ, მერის პოლიტიკა შანტაჟის გზით აკონტროლონ, რაზეც „ქართული ოცნება“ ვერ წავა. ვიმედოვნებ, რომ საზოგადოების აზრის ზეწოლისა და იმ მოცემლობის გათვალისწონებით, რაც ბორჯომშია, საკრებულოში ადამიანები გამოჩნდებიან, რომელთა საღი აზრი უფრო იმძლავრებს და პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებენ. 13 ადამიანს საკრებულოს მუშაობის რეჟიმში უთხრეს, რომ მათ არანაირი პოზიცია არ ექნებათ და უბრალოდ კვორუმი უნდა შეავსონ. კვორუმის შესრულების როლს არცერთი პოლიტიკოსი და სუბიექტი არ აიღებს. თუ მივდივარ, ჩემი აზრიც უნდა იყოს გათვალისწინებული. მათი პოლიტიკური თამაშის ნაწილი ისიცაა, რომ კვორუმს თვიოთონ აგდებენ, რადგან 15 წარმომადგენელი ჰყავთ“, – განაცხადა ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელფასების დარიცხვა ვერ შეძლეს.
ამის მიზეზი ის გახდა, რომ საკრებულოს ხელფასების რეგულირების საკითხი, ასევე საშტატო ნუსხა დამტკიცებული არ ჰქონდა.
18 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მერია ხელფასების გაზრდილი ოდენობით დამტკიცებას ითხოვდა, რასაც დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.
თებერვალში ბორჯომის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო.