დედამიწისა და მარსის ძლიერ მსგავსებათა შესახებ ხშირად გაიგონებთ, მაგრამ არის სხვაობებიც, რომელთა გამოც, ერთ პლანეტაზე სიცოცხლე ჩქეფს, მეორე კი უსიცოცხლოა ან სულ მცირე, სიცოცხლის ნიშნები იქ ჯერ არ გვიპოვნია.
ახალი კვლევის მიხედვით, ყველაფრის თავი და თავი შეიძლება ზომებს შორის სხვაობა იყოს. მარსის დიამეტრი დედამიწის დიამეტრის მხოლოდ 53 პროცენტს შეადგენს (ანუ, ნახევარზე ოდნავ მეტს) და ეს ფაქტორი შეუძლებელს უნდა ხდიდეს მარსზე ისეთ აქროლად ნივთიერებათა შენარჩუნებას, რომლებიც სიცოცხლისთვის გადამწყვეტია — მაგალითად, წყალი.
„მარსის ბედი იმთავითვე გადაწყვეტილი იყო. სავარაუდოდ, კლდოვან პლანეტათათვის არსებობს საჭირო ზომის ზღვარი, რათა სიცოცხლისთვის ხელსაყრელობისა და ფილების ტექტონიკისათვის საკმარისი წყალი შეინარჩუნოს და ეს ზღვარი გახლავთ მარსზე მეტი მასა“, — ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი კუნ ვანგი.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწასა და მზის სისტემის სხვა კლდოვან პლანეტებს შორის მრავალი განსხვავებაა, ძნელია იმის დადგენა, რომელი ფაქტორებია გადამწყვეტი სიცოცხლის აღმოცენებისთვის და რა ფაქტორები აფერხებს ამას.
თუმცა, საფუძვლად შეგვიძლია ავიღოთ ის გარკვეული ფაქტორები, რომლებიც სიცოცხლეს დედამიწაზე სჭირდება არსებობისთვის.
ერთი, რაც დედამიწაზე სიცოცხლეს ესაჭიროება, არის წყალი; შესაბამისად, პირობები, რომლებიც თხევადი წყლის არსებობის საშუალებას იძლევა, საკვანძოა პლანეტის სიცოცხლისუნარიანობის შესაფასებლად. ვიცით, რომ მარსის ზედაპირზე ერთ დროს წყალი მართლაც იყო. ამის მტკიცებულებას მარსული წარმოშობის მეტეორიტებში ვხედავთ, რომლებიც დედამიწაზე წითელი პლანეტიდან მაშინ მოხვდნენ, როდესაც მზის სისტემა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო. თუმცა, დღეს მარსი მტვრიანი, მშრალი და უკაცრიელი პლანეტაა. მის ზედაპირზე წყალი კი გვხვდება, მაგრამ გაყინული.
სველი პლანეტიდან მშრალ, მტვრიან პლანეტად გადაქცევას ხშირად უკავშირებენ მარსის მიერ მაგნიტური ველის დაკარგვას. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, რომ აქროლად ნივთიერებათა შეკავებაში სხვა ფაქტორებიც თამაშობდნენ როლს, მაგალითად, კოსმოსური სხეულის ზედაპირის გრავიტაცია; შედარებისათვის, დედამიწის გრავიტაცია მარსისას 2,6-ჯერ აჭარბებს. ამიტომ, ვანგმა და მისმა ჯგუფმა კვლევა ამ საკითხის ირგვლივ დაიწყეს.
კონკრეტულად კი, დაიწყეს შედარებით საშუალოდ აქროლადი ელემენტის, კალიუმის რაოდენობის დადგენა მზის სისტემის სხვადასხვა ობიექტზე. მას სხვა აქროლად ელემენტთა და ნაერთთა მსაზღვრელის სახით იყენებდნენ.
იმიტომ, რომ კალიუმის იზოტოპთა პროპორციები პლანეტის წიაღში აქროლადთა გამოლევის ძლიერი მანიშნებელია, რადგან ისინი სრულიად უგრძნობია ცეცხლოვანი პროცესებისა და შეჯახებებით გამოწვეული აორთქლებების მიმართ.
„მარსული წარმოშობის მეტეორიტები ჩვენთვის ხელმისაწვდომი ერთადერთი ნიმუშებია მარსის ზოგადი ქიმიური შემადგენლობის შესასწავლად“, — ამბობს ვანგი.
მისი განცხადებით, ჩვენთან მოხვედრილი ზოგიერთი მარსული მეტეორიტი რამდენიმე ასეული მილიონი წლისაა, ზოგიც 4 მილიარდი წლის წინანდელი და ასახავენ მარსის აქროლადთა ევოლუციის ისტორიას. შედარებით საშუალოდ აქროლად ელემენტთა, მაგალითად, კალიუმის იზოტოპების გაზომვით, შეგვიძლია შევაფასოთ პლანეტებზე აქროლადთა გამოლევის ხარისხი და გავაკეთოთ შედარებები მზის სისტემის სხვადასხვა სხეულთა შორის.
ჯგუფმა კალიუმის იზოტოპთა შემადგენლობა 20 მარსულ მეტეორიტში შეისწავლა, რომლებიც იმის გამო შეარჩიეს, რომ სავარაუდოდ, მათში მარსის ზოგადი სილიკატების შემცველობა უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ, შემადგენლობები შეადარეს მზის სისტემის სამი სხვადასხვა მასის შიდა სხეულის ზოგად სილიკატურ შემადგენლობას — დედამიწისას, მთვარისა და ასტეროიდ ვესტასი.
შედეგებმა აჩვენა, რომ ჩამოყალიბების დროს, მარსმა დედამიწაზე მეტი აქროლადი დაკარგა, მაგრამ შეინარჩუნა უფრო მეტი, ვიდრე მთვარემ და ასტეროიდმა ვესტამ; ორივე ეს სხეული მარსზე გაცილებით პატარა და მშრალია.
„დიდი ხანია, უცნობი იყო მიზეზი, რის გამოც აქროლად ელემენტთა და მათ ნაერთთა რაოდენობა სხვადასხვა პლანეტებზე უფრო დაბალი იყო, ვიდრე არაერთგვაროვან, პრიმიტიულ მეტეორიტებში“, — ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი კატარინა ლოდერსი.
მისი განცხადებით, კალიუმის იზოტოპურ შემადგენლობასა და პლანეტის გრავიტაციას შორის კავშირის დადგენა ახალი აღმოჩენაა, რასაც მნიშვნელოვანი რაოდენობრივი გავლენა აქვს იმაზე, როდის და როგორ მიიღეს და დაკარგეს სხვადასხვა პლანეტებმა აქროლადები.
მკვლევართა განცხადებით, ამას კი გავლენა აქვს პლანეტის ისტორიის შესახებ ჩვენს წარმოდგენაზე. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ მარსი წარსულში მართლაც ძალიან წყლიანი იყო. ახლად აღმოჩენილი კავშირი გრავიტაციასა და აქროლადთა შენარჩუნებას შორის, შეიძლება იმის გარკვევაში დაგვეხმაროს, რამდენი წყალი იყო მარსზე ერთ დროს.
გარდა ამისა, ამ აღმოჩენას გავლენა აქვს მზის სისტემის მიღმა სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პლანეტათა ძებნაზეც. ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს პლანეტური სხეულის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობაზე, არის მისი ტემპერატურა, რაც დედავარსკვლავთან ამ პლანეტის სიახლოვეზეა დამოკიდებული. ზედმეტად ახლოს წყალი აორთქლდება, ზედმეტად შორს კი გაიყინება.
ჩვენსა და საკუთარ ვარსკვლავს შორის გავლისას, პლანეტა ვარსკვლავის სინათლეს გარკვეულწილად ბლოკავს. ამ ჩაბნელებაზე დაყრდნობით, ასევე შეგვიძლია ეგზოპლანეტების ზომებისა და მასების გაზომვაც; შესაძლებელია იმის დადგენაც, რამდენად მოძრაობს ვარსკვლავი ეგზოპლანეტასთან საერთო ორბიტაზე. შესაბამისად, ჯგუფის კვლევა დაგვეხმარება, თავიდანვე გამოვრიცხოთ ეგზოპლანეტები, რომლებიც ზედმეტად პატარაა თხევადი წყლის შესანარჩუნებლად.
„ეგზოპლანეტის ზომა ერთ-ერთი ყველაზე მარტივად დასადგენი პარამეტრია. ზომასა და მასაზე დაყრდნობით, ახლა უკვე ვიცით, არის თუ არა ესა თუ ის ეგზოპლანეტა სიცოცხლისუნარიანობის კანდიდატი, რადგან აქროლადი ელემენტების შენარჩუნების პირველი რიგის ფაქტორი მისი ზომაა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი კუნ ვანგი.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.