გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი - სტიქიის ზონაში გარკვეული რისკები ნარჩუნდება, ვრჩებით ადგილზე და საფრთხის შემთხვევაში, მოსახლეობას შევატყობინებთ
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი - სტიქიის ზონაში გარკვეული რისკები ნარჩუნდება, ვრჩებით ადგილზე და საფრთხის შემთხვევაში, მოსახლეობას შევატყობინებთ

გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები დილიდან მობილიზებული არიან გურიაში, სტიქიის ადგილზე. გეოლოგების ექვსი ჯგუფი მუშაობს. ყველა მეწყრულ უბანზე ვმუშაობთ და დეტალურ შესწავლას ვახორციელებთ, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ადგილზე რჩებიან და საფრთხის შემთხვევაში, მოსახლეობას შეატყობინებენ.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევისწავლოთ პოტენციური რისკები და საფრთხეები, რომელიც შესაძლოა, კიდევ არსებობდეს. ასევე, რეკომენდაციებს ვაძლევთ მოქალაქეებს, რომ უსაფრთხო ადგილებზე გადავიდნენ, დატოვონ საცხოვრებელი სახლები. მეწყრული პროცესები განავითარა უხვმა ნალექმა, რომელიც გუშინ მოვიდა რეგიონში და შეიძლება ითქვას, ეს უკანასკნელ წლებში ნალექის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ზოგიერთ ლოკაციაზე დაახლოებით 160 მმ-ს აჭარბებდა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ამ დღეებშიც ველოდებით არამდგრად ამინდებს, მოსალოდნელია ნალექი, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ადგილი იყოს შესწავლილი. ამ ეტაპზე შესწავლილია დაახლოებით 20 ოჯახის საცხოვრებელი ადგილი, აქედან რვასთან დაკავშირებით გაცემულია რეკომენდაცია, დაეტოვებინათ საცხოვრებლები. გარკვეული რისკები ნარჩუნდება იქიდან გამომდინარე, რომ მეწყრული პროცესები ნალექის შედეგად არის გააქტიურებული. ჩვენ ადგილზე ვიმყოფებით და ასეთი საფრთხის შემთხვევაში, აუცილებლად შევატყობინებთ მოსახლეობას. სამწუხაროდ, ასეთი საფრთხეები არსებობს“, – განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.