გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ აქციას მართავენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ აქციას მართავენ.
როგორც აქციის წევრები აცხადებენ, ისინი მოითხოვენ 2022 წელს გაცემული ლიცენზიის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, რაჭის ტყეები 49-წლიანი იჯარით ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადაეცა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარიტა მისელიანმა განაცხადა, აუცილებელია ლიცენზიის გაუქმება, მოსახლეობასთან კონსულტაციის გავლა და ამის შემდეგ საუბარი ტერიტორიაზე რაიმე ტიპის ბიზნესგეგმის განხორციელებაზე.
„ორ თვეზე მეტია, ქუჩაში ვართ. სამინისტროსგან ვითხოვეთ პასუხებს. ცალყბად გვპირდებიან ლიცენზიის გაუქმებას და თან არის მუდმივი გაუგებარი ამბების შეთხზვა. ვაპირებდით კარვის გაშლას. გამოვარდა პოლიცია და უმიზეზოდ დაარბია ხალხი, ერთ-ერთ ქალბატონს კბილი მოტყდა. 13 კაცი არის ადმინისტრაციული წესით დაჭერილი. მთავარი მოთხოვნაა, ეს ხალხი გაათავისუფლონ. რაც შეეხება რაჭის ტყეებს, ლიცენზია არის გასაუქმებელი, რადგან ის უკანონოდ გაიცა“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
აქციის მონაწილეები ამ დრომდე ტერიტორიაზე რჩებიან და აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან იქამდე, ვიდრე დაკავებული პირები არ გათავისუფლდებიან და არ გაუქმდება ლიცენზია რაჭის ტყეების გასხვისებასთან დაკავშირებით.