გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, ახალი წლის დღეებში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისგან თავი შეიკავონ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, ახალი წლის დღეებში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისგან თავი შეიკავონ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი მაია ჩხობაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ახალი წლის დღეებში თავი შეიკავონ წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისგან.

მისივე თქმით, ზედამხედველობის დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს პატრულირებას წიწვოვანი მცენარეების მოპოვების ადგილებთან, აკონტროლებს ტრანსპორტირების პროცესს. ამასთან, მაია ჩხობაძემ მოქალაქეებს საჯარიმო სანქციების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

„ახლოვდება ახალი წელი და გვიწევს პრევენციული ხასიათის განცხადების გაკეთება, რომ, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, შევიკავოთ თავი წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისგან ტყის ფონდში დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე და ა.შ. შეიძლება, წიწვოვანი ხე-მცენარე მოპოვებულ იქნას კერძო საკუთრებაში, სანერგე მეურნეობაში, პლანტაციურ მეურნეობაში და თუ ძალიან გვინდა, რომ ცოცხალი ნაძვის ხით შევხვდეთ ახალ წელს, აუცილებლად უნდა შევიძინოთ მხოლოდ ასეთი კანონიერი გზით მოპოვებული მცენარე. ყველა შემთხვევაში, სანერგეში, პლანტაციურ მეურნეობაში მოპოვებულს, მათ შორის იმპორტირებულ ნაძვის ხესაც აუცილებლად თან უნდა ახლდეს მისი კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტი პირს რეალიზაციის პროცესშიც აუცილებლად თან უნდა ჰქონდეს. ზედამხედველობის დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს პატრულირებას წიწვოვანი მცენარეების მოპოვების ადგილებთან, აკონტროლებს ტრანსპორტირების პროცესს.

საჯარიმო სანქციები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე, სად მოხდა წიწვოვანი მცენარის მოპოვება. ტყეში წიწვოვანი მცენარის დაზიანება, წვეროს წაჭრა, ტოტების წაჭრა და ნებისმიერი სახის დაზიანება არის 500 ლარი, უკანონოდ მოჭრა – 1 000 ლარი. დაცულ ტერიტორიაზე წიწვოვანი მცენარის მოპოვება, მოჭრა, დაზიანება არის 1 500 ლარი. ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე არის 500 ლარი. ყველა შემთხვევაში ჯარიმას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. ტრანსპორტირების პროცესში როდესაც ხდება დაჯარიმება, ჯარიმა არის 1 000 ლარი, ემატება გარემოსთვის ზიანი და ასევე ის ხარჯები, რაც მფლობელმა უნდა გასწიოს, კერძოდ, ავტომანქანის გადაყვანისა და დროებით სადგომზე განთავსების ხარჯი.

მაღალი საჯარიმო სანქციები არ არის სასურველი ახალი წლის წინა დღეებში და ასეთი პრევენციული ღონისძიებები ტარდება მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ წიწვოვანი მცენარეები. მაქსიმუმ 16 პროცენტია წიწვოვანი მცენარეები. ისინი მხოლოდ თესლით მრავლდებიან და მათთვის კრიტიკულად შეუსაბამო და არარეკომენდირებულია წვეროს წაჭრა, სადაც ის ივითარებს გირჩს და ამ გირჩში არის განთავსებული თესლი. არ შეიძლება წვეროს წაჭრა, ტოტების წაჭრა, ვინაიდან ეს აფერხებს მის ზრდას. საქართველოში არსებობს რამდენიმე ერთეული სანერგე მეურნეობა, სადაც ხდება საახალწლო ნაძვის ხეების გამოყვანა და სწორედ ასეთი ნაძვის ხეების შეძენისკენ მოგიწოდებთ“, – განაცხადა მაია ჩხობაძემ.

მისივე ინფორმაციით, წელს უკვე დაფიქსირდა უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი მცენარის ტრანსპორტირების ორი ფაქტი.

„ზოგადად, ტყით სარგებლობის უკანონო ფაქტების ოდენობა მაღალია. მხოლოდ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის ორგანოს მიერ 11 თვის განმავლობაში ტყით უკანონოდ სარგებლობის 3 500-მდე ფაქტია გამოვლენილი“, – აღნიშნა მაია ჩხობაძემ.