გარემოს დაცვის სამინისტრო - სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა აკრძალულია და კანონით ისჯება
სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა აკრძალული და კანონით ისჯება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ინფორმაციით, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის მავნე პრაქტიკას ფერმერები კვლავ იყენებენ.
„გარდა იმისა, რომ ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას.
ფერმერების მიერ გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას.
სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალულია ქმედებაა, შესაბამისად, დასჯადია და, სამართალდარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე, 200-დან 1 000-ლარამდე ჯარიმის ოდენობას ითვალისწინებს, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მკაცრად გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – აცხადებენ სამინისტროში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ სტატისტიკის მიხედვით, გარკვეული ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით, ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაფარი ზოლია განადგურებული.