ცნობილი პუბლიცისტი, ფილოლოგი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
თამაზ ტყემალაძე 1949 წლის 29 ივლისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სწავლის დამთავრების შემდეგ ეწეოდა საზოგადოებრივ და პედაგოგიურ საქმიანობას, ტელერადიოკომიტეტში იყო რადიოგადაცემათა რედაქტორი, ტელევიზიის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის უფროსი რედაქტორი, ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა განყოფილების გამგე, ტელევიზიის ლიტერატურისა და ხელოვნების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, ტელევიზიასა და რადიოში მიჰყავდა საავტორო გადაცემები. იგი მრავალი ათეული წელი გახლდათ საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი, არაერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი.
თამაზ ტყემალაძე 2019 წელს ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, დაჯილდოვდა ღირსების მედლით.