82 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა.
გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს დაიბადა. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.
პირველი ფილმი „ალავერდობა” (1963) გადაიღო გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით, 1969 წელს კი მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ ფილმი „ფიროსმანი“.
მას ეკუთვნის ასევე „მაცი ხვიტია” (1966), მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ და ფილმი „ხარება და გოგია” (1987).
გიორგი შენგელაიამ 2000 წელს გადაიღო ფილმი „სიყვარული ვენახში“, 2005 წელს კი „მიდიოდა მატარებელი“.
ნათამაშები აქვს ფილმებში – „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ოთარაანთ ქვრივი“, „ჩვენი ეზო“, „ამბავი ერთი ქალიშვილისა“, „ქვიშანი დარჩებიან“.