გიორგი შენგელაია აცხადებს, რომ სურვილი აქვს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს საკუთარი პროგრამა გააცნოს
გიორგი შენგელაია აცხადებს, რომ სურვილი აქვს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს საკუთარი პროგრამა გააცნოს

„ქართული ოცნება“ ეძებს ახალ, დამოუკიდებელ კანდიდატს და ვფიქრობ, ეს კანდიდატი მე ვიქნები, – ამის შესახებ რეჟისორმა, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი შენგელაიამ განაცხადა.

როგორც გიორგი შენგელაიამ აღნიშნა, აპირებს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწროს და მათ წარუდგინოს საკუთარი პროგრამა.

„ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ვიცი კულუარებიდან, რომ ჩემ პოზიციას იზიარებს. მე დავესწრები “ქართული ოცნების” პოლიტბიუროს სხდომას, რომელიც 8 სექტემბერს იქნება და მათ განვუცხადებ ჩემს პროგრამას. მგონია, რომ შევთანხმდებით ჩვენ. ჩემი პოლიტიკაში წასვლა განაპირობა იმან, რომ პოლიტიკურ სპექტრში ვერ ვხედავ ძლიერ პიროვნებას. მე, როგორც კინორეჟისორს, მაქვს ამხელა პრაქტიკა და ორგანიზების  ნიჭი. ჩემი დევიზი არის „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“. სოციალური მხარე ძალიან მაწუხებს, ვუყურებ ჩემს მეზობლებს და მათ არანაირი ფული არ აქვთ. ამ ქვეყანას ყველაფერი აქვს, რომ კარგი ქვეყანა გახდეს. მაქვს იმედი, რომ ევროპის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გავხდებით. მე ხმებს არ გთხოვთ, უბრალოდ გაიგეთ და გაიზიარეთ ეს ყველაფერი”, – განაცხადა გიორგი შენგელაიამ.