87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინოოპერატორი ლომერ ახვლედიანი. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.
ლომერ ახვლედიანმა 1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი, 1975 წელს კი – მოსკოვის კინოს ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი.
1957 წლიდან მუშაობდა ტელეფილმების სტუდიასა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელ ოპერატორად. 1978 წელს დაჯილდოვდა კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზით.
ლომერ ახლედიანი იყო კინემატოგრაფისტთა კონფედერაციისა და საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის წევრი, მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 1979 წელს გახდა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.
გადაღებული აქვს ფილმები: „ქვევრი“, „სამკაული სატრფოსათვის“, „აურზაური სალხინეთში“, „მზე შემოდგომისა“, „მშობლიურო ჩემო მიწავ!“, „ნატვრის ხე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „დონ-კიხოტი“, „ბესამე“, „ექსპრეს-ინფორმაცია“ და სხვა.