გარდაცვლილი მაღაროელის მამა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობს
ჭიათურაში დღეს დაღუპული მაღაროელის, ზაზა აბრამიშვილის ოჯახი, მაღაროში უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობს.
როგორც გარდაცვლილის მამამ, ნუგზარ აბრამიშვილმა განაცხადა, მისი შვილი მაღაროში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა და ამ საქმეში საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა.
„ზაზა ხშირად საუბრობდა, რომ გვირაბი ნორმაზე მეტი სიგრძის იყო, რაც არ იყო მიზანშეწონილი. აქედან გამომდინარე, მათი უსაფრთხოებაც საფრთხეში იყო“ ,- განუცხადა პირველ არხს ნუგზარ აბრამიშვილმა.
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში დღეს 45 წლის ზაზა აბრამიშვილი დაიღუპა.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც აბრამიშვილი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პირველადი დათვალიერებით, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.