გარდაბნის რაიონში 33 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა, ოჯახი ექიმს ადანაშაულებს
გარდაბნის რაიონში 33 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა. იგი სოფელ ნაზარლოს მკვიდრი იყო.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რვა თვის ორსული გუშინ საღამოს შეუძლოდ გახდა და გარდაბნის კლინიკაში, ე.წ. ემერჯენსის განყოფილებაში გადაიყვანეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პაციენტს ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მედიკამენტი დაალევინეს და სახლში გაუშვეს.
თუმცა, ორსული ქალი მოგვიანებით კვლავ შეუძლოდ გახდა, მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა და იმავე კლინიკაში გადაიყვანეს. ოჯახის წევრების განცხადებით, საავადმყოფოში უთხრეს, რომ ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო და პაციენტის გადარჩენაც ვერ მოხერხდა.
ოჯახის წევრები ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვენ.
გარდაცვლილი კლინიკიდან სახლში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.