გარდაბნის ორ სოფელში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში დღეიდან გაფართოებული ტესტირება დაიწყო.
ადგილზე დილიდან ეპიდემიოლოგთა ექვსი ჯგუფია მობილიზებული. ისინი ყარაჯალარში სხვადასხვა ადგილზე უკვე გადანაწილდნენ.
დღეს „პისიარ“-ტექნოლოგიით ტესტირება 700-მდე პირს ჩაუტარდება.
გარდაბანში კორონავირუსის სულ 23 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან მხოლოდ ყარაჯალარში 14 შემთხვევაა დაფიქსირებული. სამი ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია. 60-მდე ადამიანი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.
გუშინ, გვიან ღამით ყარაჯალარიდან და ყარათაკლიადან ლუგარის ცენტრში 126 ტესტი გადაიგზავნა და 75 ტესტის პასუხს დღეს ელოდებიან. დღესვე საკოორდინაციო საბჭო გარდაბნის ამ ორი სოფლის ჩაკეტვის საკითხს განიხილავს.