გარდაბანში არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე ოთხი პირი: 1997 წელს დაბადებული ე.ბ., 1978 წელს დაბადებული ც.ა., 1974 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1995 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ე.ბ.-მ თავისივე დედისა და ორი ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგონას – 2005 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
პოლიციამ ოთხივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.