განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ხელს შეუწყობს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებასა და დემოკრატიის გაძლიერებას
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 2020 წელს საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხმაურება. საარჩევნო საკითხებში ცენტრის (CDD) წარმომადგენლის, მარი ბენდელიანის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება პასუხობს საზოგადოებაში არსებულ სამართლიან მოთხოვნებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებასა და დემოკრატიის გაძლიერებას.
მისი განმარტებით, საარჩევნო ზღურბლის გაუქმება საშუალებას მისცემს დაბალრეიტინგულ პარტიებს, მოიპოვონ მანდატი, რის შედეგადაც, საპარლამენტო ორგანო შეძლებს უფრო რეალისტურად ასახოს ამომრჩევლის არჩევანი და ინტერესი.
„მივესალმებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, ნაცვლად ახალი კონსტიტუციით გათვალისწინებული 2024 წლისა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა, მათ შორის მცირე ჯგუფის ინტერესების ასახვას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება პასუხობს საზოგადოებაში არსებულ სამართლიან მოთხოვნებსა და ხელს შეუწყობს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებასა და დემოკრატიის გაძლიერებას.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით 2020 წლისთვის მივიღებთ უფრო სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ზღურბლი გაუქმდება, რაც ნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებზე ბევრ, თუნდაც მცირე რეიტინგის მქონე პარტიას მიეცემა საშუალება მოიპოვონ მანდატები პარლამენტში. აღნიშნულის შედეგად, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკანონმდებლო ორგანო შეძლებს უფრო რეალისტურად ასახოს ამომრჩევლების არჩევანი და ინტერესები.
აღსანიშნავია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში, გადაწყვეტილებები მიიღება არა ერთი პარტიული ინტერესის გათვალისწინებით, არამედ საზოგადოების ფართო სპექტრის ინტერესების შესაბამისად, რაც ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიის გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დროულად დაიწყოს აღნიშნული გადაწყვეტილების ტექნიკურად გამართვა და რეფორმასთან დაკავშირებით მომუშავე სამუშაო ჯგუფის გააქტიურება, რათა საზოგადოება მომზადებული შეხვდეს ახალ საარჩევნო გარემოს. გამოთქვამთ მზაობას, აქტიურად ჩავერთოთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ჯგუფის მუშაობაში, რისთვისაც გაგვაჩნია შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები“, – განაცხადა მარი ბენდელიანმა.