განგაშის სიგნალის გამო ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირდაპირ ეთერში გამოსვლა შეწყვიტა
განგაშის სიგნალის ჩართვის გამო ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირდაპირ ეთერში გამოსვლა შეწყვიტა. „როიტერსის“ ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქალაქ აშდოდში შეხვედრას მართავდა, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.
შეხვედრის დროს ქალაქში განგაშის სიგნალი ჩაირთო, რომელიც ადგილობრივებს მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის შესახებ აუწყებდა. ამ დროს პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის წევრებმა ბენიამინ ნეთანიაჰუ სცენიდან საჩქაროდ ჩამოიყვანეს. პოლიტიკოსი სპეციალურად განკუთვნილ შენობაში გადაიყვანეს.
რამდენიმე წუთის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გამოსვლის გაგრძელება შეძლო. მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ განგაშის სიგნალის ჩართვის დროს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს. ისრაელის არმიამ ორივე მათგანის ჩამოგდება მოახერხა.
ცოტა ხნის წინ ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იორდანეს ველსა და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილზე ისრაელის სუვერენიტეტი გავრცელდება.
ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მომდევნო კვირაში გაიმართება.