განათლების სამინისტრო „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, პირველ რიგში, გამოთქვამს დიდ იმედს, რომ 15 წლის დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.
„სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში.
საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე „მწვანე სკოლის“ დირექტორს კახა დავითურსა და მე-100 საჯარო სკოლის დირექტორს თეა კალანდაძეს შეხვდა და მათგან მოზარდის სასკოლო ცხოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მანდატურის სამსახურის დირექტორის მოადგილეს გიგი ჩიფჩიური და მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი თეო ჩიტიაშვილი.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, მინისტრის მოადგილემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიასთან ერთად იაშვილის კლინიკაში დაზარალებული მოზარდი მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებს ესაუბრა.
სამინისტრო, მანდატურის სამსახური და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. იმის მიუხედავად, რომ საკითხი ეხება კერძო სკოლას, სამინისტრო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, სწავლობს ამ ფაქტს და მოზარდის „მწვანე სკოლაში“ სწავლის დროს მიმდინარე პროცესებს.
ასევე, სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაშია იმ საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან გააგრძელა სწავლა. განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან, პირველ რიგში, მოზარდის სიცოცხლის გადარჩენისათვის და მომხდართან დაკავშირებით ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.
ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება.
ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.