ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება
ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება

ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

როგორც საქართველოს პირველ არხს იაშვილის კლინიკის რეანიმატოლოგმა, გიორგი ქიქავამ განუცხადა, პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა სიცოცხლის პარამეტრები სტაბილურია.

„პაციენტი ნევროლოგიისა და ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ჯერ გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, მდგომარეობა იცდის, ნევროლოგებისა და ნეიროქირურგების გადაწყვეტილებით მოხდება შემდგომი რეაგირება“, – განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება მოტეხილობებს, ექიმის ინფორმაციით, მალების მოტეხილობა ხაზოვანია და სასწრაფო ჩარევას არ საჭიროებს.

შემთხვევა 12 დეკემბერს დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.