განათლების სამინისტრო და გაერო-ს ბავშვთა ფონდი მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვაზე ერთობლივად მუშაობენ
განათლების სამინისტრო და გაერო-ს ბავშვთა ფონდი მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვაზე ერთობლივად მუშაობენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და გაერო-ს ბავშვთა ფონდი სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვაზე ერთობლივად მუშაობენ, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

„საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიმართულებით ინტენსიური მუშაობა გრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ერთად, სასკოლო კვების პროგრამის საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ. კერძოდ, საგანგებოდ შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი გააანალიზებს სასკოლო კვების პროგრამების მსოფლიო პრაქტიკებს, ჩაატარებს სიტუაციურ ანალიზსა და შეაფასებს არსებულ ვითარებას ლოკალური ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით. მხარეები ასევე შეიმუშავებენ სასკოლო კვების შესაძლო მოდელებსა და ხარისხობრივ სტანდარტებს, საკანონმდებლო/მარეგულირებელ ბაზებს და ჯანსაღი კვების კურიკულუმს. გარდა ამისა, დოკუმენტი, სასკოლო კვების პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მასშტაბური კამპანიის ჩატარებასაც ითვალისწინებს.

UNICEF-ი აქტიურად იქნება ჩართული პროექტის შემუშავებისა და იმპლემენტაციის მიმართულებით“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.