განათლების მინისტრის მოადგილე - გავაგრძელებთ ეროვნული უმცირესობების ინტერესების დაცვას და წახალისებას
გავაგრძელებთ ეროვნული უმცირესობების ინტერესების დაცვას და შესაბამის წახალისებას,- ასე პასუხობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგო რატიანს.
როგორც რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა გადალახა ბარიერი, თუმცა იმის გამო, რომ მათ უნივერსიტეტების არჩევის დროს მითითებული ჰქონდათ ერთი ან ორი უმაღლესი სასწავლებელი, უნივერსიტეტებში ვერ ჩაირიცხნენ.
ალექსანდრე თევზაძის თქმით, სამინისტროს სტრატეგიული ამოცანაა ეროვნული უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების დაცვა და ამისთვის მთელ რიგ ღონისძიებებს ატარებენ.
„ალბათ ყველაზე უფრო გამორჩეული ღონისძიება ეს არის ქართული ენის მომზადების პროგრამა, როდესაც ჩვენ სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან სტუდენტებს ვუფინანსებთ ერთწლიან განათლებას, ვიდრე ისინი უმაღლესი განათლების ეტაპზე გადავლენ,რათა მოემზადონ ქართულ ენაში და შემდეგ შეძლონ უმტკივნეულოდ მოახდინონ ინტეგრირება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ეროვნული უმცირესობების ინტერესების დაცვას და შესაბამის წახალისებას“,- განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.