განათლების მინისტრი - ყველაფერს ვიღონებთ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარასდროს დავუშვათ
განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ, ყველა ჩვენგანს გვაერთიანებდა იმედი, რომ მოხერხდებოდა მძიმედ დაჭრილი მოსწავლის გადარჩენა.
სამწუხაროდ, არაერთი ექიმის თავდაუზოგავი, ოცდაოთხსაათიანი ბრძოლის მიუხედავად, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ოჯახმა, მეგობრებმა, მთლიანად საზოგადოებამ კიდევ ერთი ახალგაზრდა ადამიანი დავკარგეთ.
ამ უმძიმეს წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს.
სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ყველაფერს იღონებს, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედია“, – აცხადებს განათლების მინისტრი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2001 წელს დაბადებული ერთი პირი, ხოლო კიდევ ერთ პირს შსს ეძებს. მომხდარის შედეგად, ორი მოზარდი გარდაიცვალა. ერთ-ერთი მათგანი პირველ დეკემბერს, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.