გამომცემლობა „სახელებმა“ 2018 წლის ოჯახის ექიმის ჯილდო პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმის“ წამყვან მარი მალაზონიას გადასცა
The New York Time-is ლიცენზიანტმა გამომცემლობა „სახელებმა“ 2018 წლის ოჯახის ექიმის ჯილდო პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმის“ წამყვან მარი მალაზონიას გადასცა.
პრეზენტაციაზე სიმბოლური პრიზებით ის ადამიანები დააჯილდოვეს, რომლებსაც თავიანთ სფეროში განსაკუთრებული მიღწევები ჰქონდათ. პრიზი 20-მდე სხვადასხვა ნომინაციაში გაიცა, მათ შორის კულტურის, ხელოვნებისა და ბიზნესის სფეროებში.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ხაზი უნდა გაუსვათ, რომ ჯილდო არის პასუხისმგებლობა, რომ კიდევ უფრო მეტი გააკეთო, ვიდრე დაჯილდოებამდე აკეთებდი. ყოველთვის მნიშვნელოვანია ის სიყვარული, რომელიც იმალება ამ ჯილდოს მიღმა. თუ დღევანდელ დღეს შევაფასებთ, ექიმის დაჯილდოება იმ ქართველთა გვერდით, ვინც დღეს საზოგადოებამ გამოყო, ნამდვილად ძალიან საპატიოა. მით უფრო, რომ მჯერა, ექიმების საქმე მხოლოდ ადამიანის სხეულის წამლობა არ არის, ჩვენ გაცილებით მეტი მოვალეობა გვაქვს საზოგადოების წინაშე. არც ერთი წამალი არ არის ისეთი ეფექტური, როგორც სიყვარული“, – განაცხადა მარი მალაზონიამ.
ჯილდო „ერის იდენტობის გამომხატველი საუკუნის ქართული სახელი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიენიჭა გადაეცა.
ტოლერანტობის პრიზი კი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაეცა.
სახელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, მოხუცთა და უპატრონო ბავშვთა ინტეგრირებული სახლის პროექტის მხარდასაჭერად საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა.
მოხუცთა და უპატრონო ბავშვთა ინტეგრირებული სახლი „სახელების“ სოციალური პროექტია. პროექტის მხარდამჭერი, საქართველოს პატრიარქია, რომელმაც თბილისთან ახლოს, ოქროყანაში მიწის ნაკვეთი უკვე გამოჰყო მოხუცთა და უპატრონო ბავშვთა ინტეგრირებული სახლის ასაშენებლად.
აუქციონზე ცნობილი ადამიანების პირადი ნივთები იყო წარმოდგენილი.