გამომცემლები აცხადებენ, რომ საინიციატივო ჯგუფი „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება“ კონკრეტულ გამომცემელს ლობირებს
20-ზე მეტი გამომცემელი აცხადებს, რომ გამომცემლობა „დედაენა” კონკურსის წესის გვერდის ავლით, გრიფის მინიჭების გარეშე დაწყებით კლასებში სახელმძღვანელოების შეტანას ცდილობს.
გამომცემლების განცხადებით, გამომცემლობა „დედაენამ” ვერ გაიარა გრიფირების კონკურსი და ახლა კონკურსის გვერდის ავლით სურს, მიაღწიოს მიზანს.
გამომცემლების ინფორმაციით, კონკრეტულ გამომცემელს ლობირებს საინიციატივო ჯგუფი „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება”, რაც მათი თქმით, დანარჩენებს არათანაბარ პირობებში აყენებს.
როგორც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი, თინათინ მამულაშვილი აცხადებს, აღნიშნული საზოგადოება იაკობ გოგებაშვილის სახელს ამოფარებული ცდილობს, ექსკლუზივი მიიღოს.
„ვსაუბრობ ყველა იმ გამომცემლის სახელით, რომელიც წლების განმავლობაში მონაწილეობდა განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ გრიფირების კონკურსში. ბოლო კონკურსში, 2017 წელს ბევრმა გამომცემლობამ მიიღო მონაწილეობა. ექვსმა მათგანმა მიიღო გრიფი, აქედან სამი დამკვიდრდა საჯარო სკოლებში, დანარჩენი სამი კი, კერძო სკოლებში. გამომცემლებმა ურთულესი კონკურსი გაიარეს. საინიციატივო ჯგუფი „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება” ცდილობს, მისი სახელმძღვანელო კონკურსის გარეშე მოხვდეს საჯარო სკოლებში, მათ ვერ გაიარეს კონკურსი, ვერ მიიღეს შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და ახლა ცდილობენ, იაკობ გოგებაშვილის სახელს ამოფარებულმა მიიღონ ექსკლუზივი. გაუგებარია, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის კორუფციული გარიგება თუ რამე სხვა“,-აცხადებს თინათინ მამულაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.
გამომცემლები ამბობენ, რომ განათლებისა და მეციერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და კომიტეტის წევრი ზაზა გაბუნია დღეს კომიტეტზე საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენას გეგმავენ, რაც გამომცემლების განცხადებით, ერთი კონკრეტული გამომცემლის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.