სახელმძღვანელოების ელექტრონული ფორმით შექმნის საკითხზე განათლების სამინისტრომ გამომცემლებთან შეხვედრები დაიწყო
სახელმძღვანელოების ელექტრონული ფორმით შექმნის საკითხზე განათლების სამინისტრომ გამომცემლებთან შეხვედრები დაიწყო

პანდემიის პირობებში გაძლიერდა მოთხოვნა იმაზე, რომ შეიქმნას მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები, შესაბამისად, განათლების სამინისტრომ გამომცემლობებთან შეხვედრები დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ განუცხადა.

„ელექტრონული რესურსების განვითარებაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო მუშაობა. „ახალი სკოლის მოდელი“ გულისხმობს სკოლებში ტექნოლოგიების შეტანასა და მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობას. პანდემიის პირობებში, მოგეხსენებათ, კიდევ უფრო გაძლიერდა მოთხოვნა იმაზე, რომ შეიქმნას კიდევ უფრო მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები. შესაბამისად, ჩვენ გავუწიეთ ორგანიზება გამომცემლებთან შეხვედრას და დავიწყეთ დიალოგი. ეს სამუშაო პროცესია და ჩვენ ამ შეხვედრებს ეტაპობრივად გავაგრძელებთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს გრიფირებულ სახელმძღვანელოს ნაბეჭდი ანუ მატერიალური სახით. თუმცა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ რესურსები, გამომცემლებს ვესაუბრეთ და შევთავაზეთ, წარმოადგინონ წინადადებები, რა პირობით მოგვცემდნენ სამინისტროს უფლებას, რომ არსებული გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომელთაც ვბეჭდავთ, არსებობდეს ელექტრონული PDF ფაილის სახით. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საუბარია ნაბეჭდი სახელმძღვანელოების პარალელურად, PDF ფაილის ხელმისაწვდომობაზე, რაც არ ანაცვლებს ნაბეჭდ სახელმძღვანელოს”, – განაცხადა დგებუაძემ.