საგარეო უწყებაში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა
საგარეო უწყებაში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად, საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს მოიცავს. სახელმძღვანელო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. ის აგებულია თანამედროვე სწავლების პრინციპებზე.

როგორც პრეზენტაციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ქართული დიასპორა საგარეო უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის საკვირაო სკოლების საქმიანობა უმნიშვნელოვანესია.

საზღვარგარეთ 84 ქართული საკვირაო სკოლა და 11 ქართული ენის შემსწავლელი კურსი ფუნქციონირებს, რომელშიც 3 000-მდე 6-14 წლის ბავშვი სწავლობს.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამას“ ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის მოამზადა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც გულისხმობს ქართული ენის კურსის ფარგლებში საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხების სწავლებასაც გაერთიანებული სწავლების პრინციპით. სამინისტროში განმარტავენ, რომ საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო სწორედ ამ ინტეგრირებულ პროგრამაზე დაყრდნობით შეიქმნა.