გამოძიების პროცესში, გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების გამიჯვნა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შედის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გამოძიების პროცესში გამომძიებლის როლი გააქტიურდება, ხოლო პროკურორი საპროცესო ზედამხედველობის ფუნქციას შეინარჩუნებს. კერძოდ, ცვლილებების გათვალისწინებით, გამომძიებელი ბრალდების მხარეს აღარ წარმოადგენს, რაც უწყების განმარტებით, გამომძიებლის ობიექტურობის ხარისხის გაზრდის მიზანს მოემსახურება. ბრალდების მხარე კი, მხოლოდ პროკურორი იქნება. კანონპროექტით დეტალურად არის გაწერილი – პროკურორის, გამომძიებლისა და ბრალდების მხარის კომპეტენციები.
კერძოდ, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პროკურორი არ იქნება გამოძიების პროცესის აქტიური წარმმართველი, როგორც ეს მოქმედი კანონმდებლობითაა. პროკურორი სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი პირი იქნება და აღარ იქნება საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პირველადი გადაწყვეტილების მიმღები, ანუ, გამოძიების პროცესის აქტიური მონაწილე და გამომძიებლის ფუნქციების შემსრულებელი. მას აღარ ექნება, საპროცესო ზედამხედველობის ქვეშ არსებულ საქმეზე გამოძიების სრული მოცულობით ჩატარების, გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გამომძიებლისთვის სავალდებულო მითითების, საქმის ერთი გამომძიებლისთვის ჩამორთმევის და მეორესთვის გადაცემის უფლება. პროკურორის საგამოძიებო უფლებამოსილება შემოიფარგლება მხოლოდ პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული საქმეებით. შესაბამისად, პროკურორს აღარ ექნება, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელისთვის დამახასიათებელი უფლებამოსილებები და შეინარჩუნებს მხოლოდ იმ უფლებამოსილებებს, რაც გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის და მისი ძირითადი ფუნქციის – დევნის განხორციელებისთვის არის აუცილებელი. ცვლილების შედეგად, პროკურორის მიერ საპროცესო ზედამხედველობის განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტი იქნება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება – სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ან, შესაბამისი სტანდარტის არარსებობისას, დევნის დაწყებაზე უარი და, სათანადო საფუძვლების არსებობისას, გამოძიების შეწყვეტა.
ამასთან, პროექტის თანახმად, პროკურორს შეუნარჩუნდება ყველა ის უფლებამოსილება, რაც უკავშირდება მის მიერ სახელმწიფო ბრალმდებლის ფუნქციის სრულყოფილად განხორციელებას. კერძოდ, პროკურორი უფლებამოსილი იქნება:
• დაიწყოს, შეწყვიტოს ან შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა.
• სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ან კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების მისაღებად.
• მიმართოს ცალკეული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების მიღების მიზნით.
• სასამართლოში წარადგინოს მტკიცებულება, მონაწილეობა მიიღოს მისი დასაშვებობის საკითხის განხილვაში, აგრეთვე ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
• გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ძებნის შესახებ.
• სავალდებულო მითითება მისცეს ქვემდგომ პროკურორს, ასევე, გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის დადგენილება, კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის ან გამომძიებლის დადგენილება. აგრეთვე, საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის ან გამომძიებლის უკანონო გადაწყვეტილება. პროკურორი აგრეთვე უფლებამოსილი იქნება, კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში, გადაწყვიტოს, საჩივარი გამომძიებლის დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს.
• გამომძიებელს მისცეს რეკომენდაცია – სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ, ან თავად შეცვალოს კვალიფიკაცია საჩივრის არსებობისას, ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ.
• გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის/საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის ქმედებაზე, გადაწყვეტილებაზე, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს.
• სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ პირი ცნოს დაზარალებულად/დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, ხოლო საჩივრის არსებობისას გააუქმოს აღნიშნულ საკითხზე გამომძიებლის გადაწყვეტილება.
• დაესწროს საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარებას, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ – ასევე მონაწილეობა მიიღოს, თუმცა, პროკურორი აღარ იქნება უფლებამოსილი თავად ჩაატაროს გამოძიება სრული მოცულობით.
• მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან მთლიანად სისხლის სამართლის საქმე, აგრეთვე მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს სახელმწიფო ორგანოებიდან დოკუმენტი თუ სხვა ნივთიერი მტკიცებულება.
• გამომძიებელს მისცეს რეკომენდაცია, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ, კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში, – სავალდებულო მითითება. ასევე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას ჩამოაშოროს გამომძიებელი, თუ იგი არ ასრულებს პროკურორის მითითებას.
• საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის უწყებრივი ქვემდებარეობით გადაცემის შესახებ.
• საქმეთა გაერთიანებასა და გამოყოფაზე გადაწყვეტილებას მიიღებს გამომძიებელი, საგამოძიებო მიმართულების ზემდგომი ხელმძღვანელის თანხმობით, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ აღნიშნული განხორციელდება პროკურორის დადგენილებით.
• კვლავ პროკურორი იქნება უფლებამოსილი – შეწყვიტოს გამოძიება.
• სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ განიხილოს საჩივარი
საგამოძიებო მოქმედების ჩაუტარებლობის შესახებ, ასევე გამოძიების გაჭიანურების შესახებ.
ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ პროკურორი აგრეთვე არ იქნება უფლებამოსილი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე პირი ცნოს დაზარალებულად/მის უფლებამონაცვლედ. აღნიშნული უფლებამოსილებები ექნება გამომძიებელს, რაც გამომდინარეობს არსებული პრაქტიკიდან. კერძოდ, დაზარალებულთან აქტიური კომუნიკაცია გამოძიების დაწყების მომენტიდანვე აქვს სწორედ გამომძიებელს. შესაბამისად, გამომძიებელს შეუძლია, გამოძიების ადრეულ ეტაპზევე მიანიჭოს პირს დაზარალებულის სტატუსი, რაც ხელს შეუწყობს დაზარალებულის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას. რაც შეეხება გამომძიებელს და მის უფლებებს, კანონპროექტის თანახმად, გამომძიებელი პასუხისმგებელია გამოძიების ყოველმხრივ, სრულად, ობიექტურად და დროულად ჩატარებაზე და პროკურორის წერილობითი მითითების შესრულებაზე. თუ გამომძიებელი არ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, მას უფლება ექნება, საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს, რომელსაც შეუძლია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მითითება ან, ძალაში დატოვოს იგი. უწყება განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელი უფლებამოსილი იქნება, გადაწყვიტოს საქმის სხვა გამომძიებლისთვის გადაცემის საკითხი.
ცვლილებებით, გამომძიებელი უფლებამოსილი იქნება:
• კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით ჩაატაროს საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება.
• კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ადამიანის უფლებათა შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების მისაღებად, აგრეთვე გამოძიების პროცესში კერძო პირთაგან მტკიცებულებათა გამოთხოვის შუამდგომლობით. უწყება აღნიშნავს, რომ ეს წარმოადგენს ნოვაციას და გამომძიებელს ანიჭებს უფლებას, თავად მიმართოს სასამართლოს განჩინების მიღების მოთხოვნით, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული შუამდგომლობების სასამართლო განხილვაში.
• მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების, აგრეთვე რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების ჩატარება და დოკუმენტის წარდგენა, აგრეთვე მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს სახელმწიფო ორგანოებიდან დოკუმენტი თუ სხვა ნივთიერი მტკიცებულება.
• სისხლის სამართლის საქმის აღდგენის მიზნით, წერილობით მიმართოს შესაბამის ორგანოს ან დაწესებულებას საჭირო მასალების ან/და ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით, აგრეთვე სრული მოცულობით ჩაატაროს საპროცესო მოქმედებები.
• კოდექსით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის ტერიტორიული ქვემდებარეობით გადაცემის, საქმეთა გაერთიანების ან გამოყოფის შესახებ.
• სხვა გამომძიებლისთვის საგამოძიებო დავალების მიცემის თხოვნით მიმართოს საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელს, ხოლო სხვა საგამოძიებო ორგანოს შემთხვევაში − პროკურორს.
• შესაბამის ორგანოს მისცეს წერილობითი მითითება დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილზე მიყვანის შესახებ, მოიწვიოს თარჯიმანი, ექსპერტი, ამოსაცნობი პირი.
• პირი ცნოს დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები. აღნიშნული არის სიახლე და როგორც ზემოთ განხილულია, ცვლილება გამომდინარეობს არსებული რეალობიდან.
• მისი მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საჩივარი და სისხლის სამართლის საქმის მასალები საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელს, საპროცესო ზედამხედველ პროკურორს ან სასამართლოს, აგრეთვე, განახორციელოს კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ პროცესის მონაწილეებს ემატება საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელი, რომელიც მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებს დადგენილების ფორმით. ცვლილებებით, ის განახორციელებს გამომძიებლის უშუალო ხელმძღვანელობას, გამოძიების ყოველმხრივ, სრულად, ობიექტურად და დროულად ჩატარების კონტროლს.