გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბრეტ კავანას მიმართ ბრალდებები არ დაადასტურა
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სექსუალური ძალადობის დამადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულების მოპოვება ვერ შეძლო, რომელიც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ბრეტ კავანას ბრალეულობას დაადასტურებდა. ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ წარდგენილი ანგარიშის გაცნობის შედეგად განაცხადა.
„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაასრულა გამოძიება კავანას საქმეზე. ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ ეს ბრალდებები არ დადასტურდა – არც ერთი მათგანი” – აცხადებს მიჩ მაკკონელი.
თუმცა, გამოძიების შედეგებს არ ეთანხმება დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ჩაკ შუმერი ჩატარებულ მოკვლევას „არასაკმარისად“ აფასებს. მისი თქმით, დადასტურდა დემოკრატების ვარაუდი, რომ გამოძიება იქნებოდა ძალიან შეზღუდული.
სენატის დაზვერვის კომიტეტში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის, დაიანა ფაინსტაინის განცხადებით, ფედერალური ბიუროს მიერ წარდგენილ ანგარიშის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ანგარიშში არ ფიგურირებს. მისი თქმით, თეთრი სახლის განკარგულებით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ არ დაკითხა არც ბრეტ კავანა და არც მთავარი ბრალმდებელი კრისტიან ბეილის ფორდი, რომელიც მას 1982 წელს ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს.
დაიანა ფაინსტაინის თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს საქმიანობა თეთრი სახლიდან დაბლოკეს.