გამოცემა THE WRAP-მა „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ 12 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა
ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ “THE WRAP” წლის 12 საუკეთესო ფილმი დაასახელა, რომელთა შორისაც ნანა & სიმონის ქართული ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახიც” მოხვდა. ია შუღლიაშვილის თამაშს კი გამოცემამ წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შესრულება უწოდა.
სულ ცოტა ხნის წინ კი ქართული ფილმის, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, დისტრიბუციის უფლება მსოფლიოში უმსხვილესმა ინტერნეტ ტელევიზიის ქსელმა „ნეტფლიქსმა“ შეიძინა. ამასთან, ფილმს უკვე აქვს არაერთი ცნობილი ფესტივალის ჯილდო.
ფილმის სიუჟეტი თბილისური ოჯახის გარშემო ვითარდება, რომელშიც სამი თაობის წარმომადგენლები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. მოვლენების ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა მხეიძეა, რომელიც ერთ დღეს საკუთარი ცხოვრების შეცვლას მოინდომებს.
„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციაა, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და კინემატოგრაფიის ევროპული ფონდის „ევრიმაჟის“ ხელშეწყობით შეიქმნა.
ფილმის გადაღებაში საკუთარი წვლილი შეიტანა კინოინდუსტრიის წახალისების სახელმწიფო პროგრამამ “გადაიღე საქართველოში”.