ფილმმა „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ შესაძლოა, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში დამატებითი ანაზღაურება მიიღოს
ფილმმა „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ შესაძლოა, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში დამატებითი ანაზღაურება მიიღოს

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ შესაძლოა, პირველი ფილმი გახდეს, რომელიც პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში დამატებით ანაზღაურებას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმი სპეციალური კომისიის წინაშე იქნება ნაჩვენები. კომისიის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ პირველი ფილმი გახდება, რომელიც პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში დამატებით ანაზღაურებას მიიღებს.

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე, ევროპული პრემიერა კი, ბერლინის კინოფესტივალზე შედგა. არაერთი საერთაშორისო ჯილდოს პარალელურად, ფილმის გლობალური დისტრიბუციის უფლება „ნეტფლიქსმა“ შეიძინა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში” კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტი 2016 წლიდან დაემატა, რაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯების 20 % უკან დაიბრუნონ. კვალიფიციური ხარჯების დამატებით 2%-დან 5%-მდე ანაზღაურება კი პოპულარიზაციის კომპონენტში ხუთ პუნქტიანი კულტურული ტესტის საფუძველზეა შესაძლებელი.

დღეისათვის, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მიერ, მხარდაჭერილია 16 პროექტი, მათ შორის კოპროდუქციები საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ინდოეთთან, ბრიტანეთთან, ირლანდიასთან და ჩინეთთან. ამ დროისთვის,  ჯამური ინვესტიციის ოდენობა 30 მილიონ ლარს, დასაქმებულთა რაოდენობა კი, 3000-ს აღწევს.

პროგრამას “გადაიღე საქართველოში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.