გალერეა „ვანდაში” მხატვარ ალიმ რიჟინაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა [ფოტო]
გალერეა „ვანდაში” მხატვარ ალიმ რიჟინაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა [ფოტო]

გალერეა „ვანდაში” მემორალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მხატვარ ალიმ რიჟინაშვილს ეკუთვნის.

ხელოვანის ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, სახელწოდებით “შეხვედრა”, კოლაჟები, გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრებია წარმოდგენილი.

გალერეას სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, მხატვრის მიერ ქაღალდსა და ტილოზე შესრულებული 40-ზე მეტი ნახატი დაათვალიერონ.

გამოფენა სახელწოდებით “შეხვედრა”, ხელოვანისადმი მიძღვნილი პირველი ღონისძიებაა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოში გაიმართა.

ალიმ რიჟინაშვილის შემოქმედებითი დიაპაზონი მოიცავს კალიგრაფიულ გრაფიკას, კოლაჟს, დიზაინსა და აბსტრაქციას. მან ოცდაათ წელზე მეტი გერმანიაში, ქალაქ ბერლინში გაატარა, თუმცა ხშირად სტუმრობდა საქართველოს, ატარებდა გამოფენებს და მონაწილეობდა სხვადასხვა საინტერესო პროექტში.

ხელოვანის ნახატები გამოფენილი იყო ტოკიოს, მოსკოვის, თბილისის, ბერნის, მადრიდის, რომის, აახენისა და კასელის გალერეებში.

მხატვრის ნამუშევრები ინახება აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმსა და გალერეაში „ექსპრეს-ავანგარდი“, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში, ასევე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

ალიმ რიჟინაშვილის ნამუშევრების გამოფენა გალერეა “ვანდაში”, დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.