პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული ღონისძიებების დასასრულს – 21:00 საათზე გალა კონცერტი „დიდებიდან თავისუფლებამდე“ გაიმართება.
სპეციალურად კონცერტისთვის ხუთმა ქართველმა კომპოზიტორმა: დათო ევგენიძემ, მიშა მდინარაძემ, ნიკა მაჩაიძემ, ნატალია ბერიძემ და არჩილ გიორგობიანმა განსხვავებული ჟანრის ნამუშევრები შექმნეს. საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წელი ხუთ პირობით ეპოქად იქნება დაყოფილი. თითოეულ ეტაპს კონკრეტული კომპოზიტორი თავის ნამუშევარს უძღვნის. გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე ნიჭიერი შემსრულებლები. კონცერტს აკომპანირებას თანამედროვე ქართული სადირიჟორო ხელოვნების ერთ-ერთი წარმატებული წარმომადგენელი მირიან ხუხუნაიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის ორკესტრთან და გუნდთან ერთად გაუწევს.
ეპოქების ცვლის აღსაქმელად კონცერტში ვიზუალური ეფექტების ნაცვლად, განსხვავებული ხმოვანი არქიტექტურა იქნება გამოყენებული.
გალა კონცერტის სცენა წინა წლებისგან განსხვავებული იქნება, აღიჭურვება თანამედროვე ტიპის ელემენტებითა და დეკორაციებით: ამრეკლავი იატაკით, ლედ განათებებით, აკუსტიკური კედლებით და ა.შ.
გალა კონცერტის ორგანიზატორია ქალაქ თბილისის მერია.
დასწრება გალა კონცერტზე ყველა მსურველს შეეძლება.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.