გაერო-ში უკრაინის ელჩი - კახოვკის კაშხლის აფეთქება ტერორისტული აქტია უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, ის რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს
კახოვკის კაშხლის აფეთქება არის ტერორისტული აქტი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, – ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის ელჩმა, სერგეი კისლიცამ განაცხადა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც კახოვკის კაშხლის აფეთქების შესახებ იმსჯელეს.
დიპლომატის თქმით, აღნიშნული აქტი მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო მსხვერპლისა და განადგურების გამოწვევას რუსეთის მხრიდან.
„გადამწვარი მიწის ტაქტიკის გამოყენებით, ამ შემთხვევაში დატბორილი მიწის ტაქტიკის გამოყენებით, რუსმა ოკუპანტებმა, ფაქტობრივად, აღიარეს, რომ დატყვევებული ტერიტორია მათ არ ეკუთვნით და არ შეუძლიათ ამ მიწების დაკავება“, – აღნიშნა კისლიცამ.
ამასთან, ელჩმა აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის მხარეს დააკისრა.
„რუსეთი წელიწადზე მეტია, აკონტროლებს კაშხალს და მთელ კახოვკის ჰესს. ფიზიკურად შეუძლებელია მისი აფეთქება გარედან დაბომბვით. ის დანაღმული იყო რუსი ოკუპანტების მიერ და მათ ააფეთქეს“, – აღნიშნა სერგეი კისლიცამ.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა უკრაინისა და რუსეთის მოთხოვნით დაინიშნა.