სერგეი კისლიცა - უკრაინამ და საქართველომ მოვუწოდეთ რუსეთს, შეასრულოს ევროსაბჭოს წევრობისას ნაკისრი ვალდებულებები
სერგეი კისლიცა - უკრაინამ და საქართველომ მოვუწოდეთ რუსეთს, შეასრულოს ევროსაბჭოს წევრობისას ნაკისრი ვალდებულებები

უკრაინამ და საქართველომ მოვუწოდეთ რუსეთს, შეასრულოს ევროსაბჭოს წევრობისას  ნაკისრი ვალდებულებები, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიცამ​ ევროპის საბჭოში რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველომ, უკრაინამ და ბალტიის სახელმწიფოებმა მხარი არ დაუჭირეს.

„ჩვენ და საქართველომ მოვუწოდეთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ის ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც აიღო, როდესაც ევროსაბჭოს წევრი გახდა. დღევანდელი დღის დრამატიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ე.​წ. გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრთა კომიტეტმა სტრასბურგში მიიღო, დღევანდელი დღის წესრიგიდან არ ამოიღეს. პირიქით, დუმილით დაეთანხმნენ. ჩვენ და საქართველო წინააღმდეგი ვიყავით ამ გადაწყვეტილებისა სტრასბურგშიც და წინააღმდეგობა გამოვხატეთ დღესაც. მჯერა, რომ ამ გადაწყვეტილების სრულად იმპლემენტაციის შემთხვევაში ევროსაბჭოს საფუძვლები მოირყევა. ახლა ჩვენ საქართველოსთან და სხვებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაში დასარწმუნებლად, რომ მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმპლემენტირებული იქნება ისე, როგორც ეს გადაწყვეტილებაშია და არა ისე, როგორც ეს რუსეთის ფედერაციას სურს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ​სერგეი კისლიცამ.

ჰელსინკიში ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ განცხადება მიიღეს. საქართველომ, უკრაინამ და ბალტიის სახელმწიფოებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოში რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილებას. შეგახსენებთ, რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა. კიევში აცხადებენ, რომ ახლა რუსეთი ევროსაბჭოს ზოგიერთ წევრთან ერთად ამ სანქციების გაუქმებას ცდილობს.