დავით ზალკალიანი - საქართველომ, უკრაინამ და ბალტიის სახელმწიფოებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოში რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილებას
დავით ზალკალიანი - საქართველომ, უკრაინამ და ბალტიის სახელმწიფოებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოში რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილებას

აუცილებელია, ევროპის საბჭო დარჩეს პრინციპების ერთგული და ქვეყნებს, რომლებიც არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს, მოეთხოვოთ პასუხი. სწორედ ამიტომ, საქართველომ უკრაინასთან და ბალტიის სახელმწიფოებთან ერთად მხარი არ დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მინისტერიალზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის შესაძლო დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 14 მაისს, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე უკრაინასთან, ლიეტუვასთან, ლატვიასა და ესტონეთთან ერთად აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგი წავიდა.

„ამ საკითხზე იმსჯელა მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა და უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვიყავით სრულ თანხვედრაში უკრაინელ და ბალტიისპირელ კოლეგებთან. გვქონდა ერთიანი პოზიცია – როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს და ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანას – ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ამ ინიციატივას. მინისტერიალზე ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, თუ რატომ არ დავუჭირეთ მხარი ამ გადაწყვეტილებას, რადგან მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ეს ორგანიზაცია დარჩეს პრინციპების ერთგული, დარჩეს ერთგული იმისა, რომ ქვეყნებს, რომლებიც არ ასრულებენ ვალდებულებებს, ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოთ. სწორედ ამიტომ არ დავუჭირეთ მხარი ამ გადაწყვეტილებას და სწორედ ამაზე იყო აგებული ჩემი გამოსვლაც, სადაც ვისაუბრე საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ჭრილში რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, რუსეთის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა მიიღოს და იმედი გამოთქვა, რომ დელეგატები ამ გადაწყვეტილებაზე გააკეთებენ შესაბამის შეფასებებს.

რაც შეეხება მინისტერიალში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მინისტერიალზე საქართველო-რუსეთის კონფლიქტის თემა ფართოდ იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი გახლდათ საქართველოს მაღალი დონის მონაწილეობა სესიაში. კერძოდ, მინისტერიალმა დაამტკიცა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე. ასევე, მინისტერიალის დღის წესრიგი საუბრობს მიმდინარე წლის 2 მაისს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“. გარდა ამისა, კონფლიქტზე საუბრობს მინისტერიალის დეკლარაციაც. „ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მინისტერიალზე რამდენიმე გადაწყვეტილება გახლდათ საქართველოს შესახებ წარმოდგენილი. საქართველოს კონფლიქტის შესახებ საუბარია დეკლარაციაში და ბუნებრივია, ამ ფორუმში ჩვენი მონაწილეობა, მათ შორის მომავალი თავმჯდომარეობის კონტექსტში, მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს ევროპის საბჭოს მინისტერიალში, რომელიც ჰელსინკიში იმართება.

ჰელსინკიში ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ განცხადება მიიღეს. შეგახსენებთ, რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა. კიევში აცხადებენ, რომ ახლა რუსეთი ევროსაბჭოს ზოგიერთ წევრთან ერთად ამ სანქციების გაუქმებას ცდილობს.