გაერო-ში ჩინეთის ელჩის მოადგილე - ჩინეთი გმობს და უპასუხისმგებლოს უწოდებს ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრის განცხადებას, რომ ღაზის სექტორში ისრაელმა ბირთვული იარაღი უნდა გამოიყენოს
ჩინეთი გმობს და უპასუხისმგებლოს უწოდებს ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრის, ამიჰაი ელიაჰუს განცხადებას, რომ ღაზის სექტორში ისრაელმა ბირთვული იარაღი უნდა გამოიყენოს. გაერო-ში ჩინეთის ელჩის მოადგილე გენ შუანი აცხადებს, რომ პეკინი შოკირებულია „უკიდურესად უპასუხისმგებლო და შემაშფოთებელი“ განცხადებით და ეს განცხადება საყოველთაოდ უნდა იყოს დაგმობილი.
ჩინელმა დიპლომატმა მოუწოდა ისრაელის ოფიციალურ პირებს, უარი თქვან განცხადებაზე და გახდნენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების მხარე, როგორც არაბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო, „რაც შეიძლება მალე“. გენ შუანის განცხადებით, ჩინეთი მზად არის, შეუერთდეს სხვა ქვეყნებს, რათა „ახალი იმპულსი მისცეს“ ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონის შესაქმნელად ახლო აღმოსავლეთში, რაც უფრო აქტუალურია რეგიონში არსებული ვითარების გამო.
პარალელურად, ომანის ელჩმა გაერო-ში, მოჰამედ ალ-ჰასანმა განაცხადა, რომ ღაზაში ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა „ადასტურებს ისრაელის ოკუპაციის სისასტიკეს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ“ და მათი მხრიდან „უდანაშაულო სიცოცხლის უგულებელყოფას“. ომანის ელჩმა მოუწოდა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, გადამწყვეტი ზომები მიიღონ ამ საკითხთან დაკავშირებით.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სწრაფად უარყო ამიჰაი ელიაჰუს კომენტარი და მას კაბინეტის შეხვედრებზე დასწრება აუკრძალა. თავად ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრმა მოგვიანებით თავის განცხადებებს „მეტაფორული“ უწოდა.
ისრაელის მედია წერს, რომ ისრაელის მთავრობა არც ადასტურებს და არც უარყოფს საკუთარ ბირთვულ შესაძლებლობებს.