გაერო-ში ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის საფრთხის შესახებ გაფრთხილებით გამოვიდნენ
გაერო-ში ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის საფრთხის შესახებ გაფრთხილებით გამოვიდნენ

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აკრიტიკებს ისრაელის არმიის მიერ ბეირუთსა და თეირანზე მიტანილ დარტყმებს.

„თავდასხმები ბეირუთის სამხრეთ ნაწილსა და თეირანზე აჩვენებს საშიშ ესკალაციას იმ მომენტში, როდესაც ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელ-ლიბანის საზღვარზე მშვიდობის დამყარებისკენ“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, გუტერეში მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, ენერგიულად იმუშაონ რეგიონში ვითარების განსამუხტად ყველასთვის გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის დასამყარებლად.

გაერო-ში იაპონიის მუდმივი წარმომადგენელი მიცუკო სუნო გამოვიდა მოწოდებით საერთაშორისო ძალისხმევის გასააქტიურებლად, რათა ახლო აღმოსავლეთში დიდი კონფლიქტის თავიდან არიდება მოხერხდეს.

„ჩვენ ვშიშობთ, რომ რეგიონი ტოტალური ომის ზღვარზეა“, – განაცხადა მიცუკო სუნომ.

თავის მხრივ, გაერო-ში ჩინეთის წარმომადგენელმა, ფუ ცუნმა განაცხადა, რომ რეგიონში დაძაბულობის ზრდის მიზეზი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების არარსებობაა.

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება გაერო-ში დიდი ბრიტანეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც. ბარბარა ვუდვირდის თქმით, ისრაელმა და „ჰამასმა“ უნდა დაადასტურონ სამშვიდობო პროცესისადმი ერთგულება, რომელიც ორი სახელმწიფოს შექმნით უნდა დასრულდეს.

„გრძელვადიანი მშვიდობა ბომბებითა და ტყვიებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ვუდვორდმა.