გაერო-ს უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მიანმარელი სამხედროების დანაშაულს გენოციდის ხასიათი ჰქონდა
გაერო-ს უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მიანმარელი სამხედროების დანაშაულს გენოციდის ხასიათი ჰქონდა

გაერო-ს ადამიანთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ როჰინჯას ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს მიანმარის არმიის წევრები გენოციდის მიზნით კლავდნენ.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გამოძიებას ამის დამამტკიცებელი საბუთებიც აქვს.

უფლებადამცველები რაკჰაინის, კაჩინის და შანის შტატებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მიანმარელი სამხედრო მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

ჯგუფური სექსუალური ძალადობა, მცირეწლოვნებზე თავდასხმა, მთლიანი სოფლების გადაწვა –  გაერო-ს გამოძიების ცნობით, აღნიშნულ დანაშაულებზე შესაძლოა, მიანმარელი სამხედრო მაღალჩინოსნები არიან პასუხისმგებლები. ამასთან, ჩადენილ მკვლელობებს გენოციდის ხასიათი აქვს.

საერთაშორისო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში მიანმარის ლიდერი აუ სან სუ ჩიც არის მოხსენებული. გაერო-ს უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, აუ სან სუ ჩი საკუთარ პოზიციას ვერ იყენებს და მიანმარის ეთნიკურ უმცირესობებს ვერ იცავს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სახელისუფლებო ძალების მხრიდან თავდასხმების გამო, მიანმარში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა, როჰინჯას ხალხი მუდმივი შევიწროების მსხვერპლია. ამ ხნის განმავლობაში რაკჰაინის შტატი შევიწროების გამო, როჰინჯას ხალხის 700 ათასმა წარმომადგენელმა დატოვა, ასობით პირი კი არმიის მხრიდან თავდასხმებს ემსხვერპლა.