გაერო-ს ტრიბუნალმა კამბოჯას სისხლიანი რეჟიმის ორი ლიდერი გენოციდში დამნაშავედ ცნო
გაერო-ს ტრიბუნალმა კამბოჯას სისხლიანი რეჟიმის ორი ლიდერი გენოციდში დამნაშავედ ცნო

გაერო-ს ტრიბუნალმა კამბოჯას სისხლიანი რეჟიმის ორი ლიდერი გენოციდში დამნაშავედ ცნო. „წითელი ქმერების“ სახელით ცნობილი შეიარაღებული მაოისტური მოძრაობის მაღალჩინოსნებს, 92 წლის ნუონ ჩეასა და 87 წლის კიეუ სამპჰანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ვიეტნამის ეთნიკური ჯგუფის მასობრივ მკვლელობებში ბრალეულობის დამტკიცებასთან ერთად, ეს არის 1970-იან წლებში, კამბოჯაში მიმდინარე მოვლენების გენოციდად აღიარების პირველი ოფიციალური შემთხვევა.

გენოციდთან ერთად, „წითელი ქმერების“ მოძრაობის მაღალჩინოსნები გაუპატიურების, რელიგიური დევნისა და იძულებითი ქორწინების მრავალ შემთხვევაში დამნაშავედ ცნეს.

„წითელი ქმერების“ სახელით ცნობილი მაოისტური მოძრაობა 1968 წელს, პოლ პოტის ინიციატივით შეიქმნა. მასში 30 ათასამდე ადამიანი იყო გაერთიანებული. მათი გარკვეული ნაწილი 12-13 წლის მოზარდები იყვნენ. 1975 წელს მოძრაობამ ხელში ჩაიგდო მმართველობა. სხვადასხვა მონაცემით, დიქტატურის ოთხ წელს სამ მილიონამდე ადამიანი შეეწირა. მათ დიდი ნაწილი ეთნიკურად ვიეტნამელი, კამბოჯელები და მუსლიმი ჩამები იყვნენ. 1979 წელს სამხედრო დიქტატურა ვიეტნამის მიერ კამბოჯის დაპყრობით დასრულდა. „წითელი ქმერების“ ლიდერმა გაქცევა მოახერხა და მხოლოდ 1997 წელს დააკავეს.

კამბოჯაში ტრიბუნალის მიერ სამხედრო დიქტატურის დროს მომხდარ მასობრივ მკვლელობებსა და ძალადობაში დღემდე მხოლოდ სამი პირია ბრალდებული.