გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საომარ მოქმედებებს 8 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
გასულ წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საომარ მოქმედებებს 8 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, – ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა განაცხადა.
გაერო-ს წარმომადგენლის თქმით, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი არ აღნუსხულა, განსაკუთრებით, სამხრეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, რომელიც ახლა რუსეთის კონტროლის ქვეშაა.
მიმდინარე თვის დასაწყისში 7 199 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ იყო ცნობილი.
„გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა დღეს მწუხარება გამოხატა უკრაინაში ომის ადამიანურ მსხვერპლთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ბოლო 12 თვის განმავლობაში 8 006 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 13 287 დაშავდა. ამას ემატება აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დროს ადრე დაკარგული მრავალი ადამიანის სიცოცხლე. დაახლოებით 90.3 პროცენტი, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის აბსოლუტური უმრავლესობა გამოწვეული იყო ფართო არეალის ასაფეთქებელი იარაღის ეფექტებით, მათ შორისაა საარტილერიო ჭურვები, საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტები და საჰაერო თავდასხმები. უმეტესობა დასახლებულ პუნქტებში მოხდა. ადგილი, სადაც ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი უფსკრული დადასტურების თვალსაზრისით, არის მარიუპოლი, სადაც, გვჯერა, რომ რიცხვი ათასობით მეტია“, – განაცხადა მატილდა ბოგნერმა.